noimg gulagprison

საბჭოთა რეპრესიების გამოცდილება და თანამედროვე ქართველის ცნობიერება

Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn
საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის სასერტიფიკატო კურსის “საბჭოთა წარსული. რეჟიმის ინსტრუმენტები“ ფარგლებში ცოტნე კობერიძის მიერ შექმნილი ესე, რომელიც საუკეთესოთა შორის მოხვდა.

 

“სიკვდილი ყველა პრობლემას წყვეტს. არ არის კაცი, აღარაა პრობლემა” (იოსებ სტალინი). მხოლოდ ამ ერთი საბჭოთა ბელადის მიერ წარმოთქმულ ციტატასაც კი შეუძლია რომ დაგვანახოს, თუ რაოდენ რეპრესიული, უსამართლო და ტირანული იყო ის სისტემა, რასაც საბჭოთა კავშირი ეწოდებოდა. ეს იყო რეჟიმი, რომელსაც არაოფიციალური სტატისტიკით (სამწუხაროდ, ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს, ფაქტების დამალვისა და განადგურების გამო), შეეწირა სამმილიონ-ნახევარი ადამიანი, აქედან თითქმის მილიონნახევარი ადამიანი დახვრიტეს, ხოლო ორი მილიონი ადამიანი გადასახლებაში გარდაიცვალა. მე გადავწყვიტე, ვისაუბრო იმ მთავარ მიზეზებზეც, რომლებიც გახდა რეპრესიების ძირითადი განმაპირობებელი.

უამრავი თანამედროვე მემარცხენე ინტელექტუალი ფიქრობს, რომ  საბჭოთა ტირანული რეჟმების მიზეზი მხოლოდ მისი დიქტატორი ბელადები იყვნენ, თუმცა მე ვთვლი, რომ ეს მხოლოდ კომუნისტიური იდეოლოგიის გამართლების უსუსური მცდელობაა და მსგავსი არაადამიანური სისტემის ჩამოყალიბების მთავარი მიზეზი,  სწორედ რომ, სოციალისტურ და მარქსისტულ იდეებშია. თანამედროვე პოლიტიკური აზროვნება ორ მნიშვნელოვან მოვლენას ეყრდნობა – პირველი:  ბრიტანული განმანათლებლობა და რევოლუცია, რასაც მოჰყვა ისეთი მოაზროვნეების გამოჩენა, როგორებიც იყვნენ ჯონ ლოკი და სტიუარტ მილი. ბრიტანეთში პოპულარობა ჰპოვა ატომისტურმა აზროვნებამ, მათ წინა პლანზე წამოწიეს ინდივიდები და ღრმად სჯეროდათ მათი რაციონალურობის, ხოლო მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება იყო ფრანგული რევოლუცია, რამაც შექმნა სოციალისტური იდეები. მათ სჯეროდათ რაიმე ობიექტური ჭეშმარიტების არსებობის, რისი დანახვაც უბრალო ინდივიდებს არ შეეძლოთ და გადაწყვიტეს, ადამიანებს ისე მოპყრობოდნენ როგორც მცენარეებს და არამცთუ იდეოლოგია მოერგოთ ადამიანზე, არამედ პირიქით, ადამიანი მოერგოთ იდეოლოგიაზე. „ათასი გზა მიდის დაბნეულობისაკენ, ხოლო ჭეშმარიტებას ერთი გზა აქვს“ (ჟან-ჟაკ რუსო). სწორედ რწმენას იმისა რომ არსებობს ობიექტური სიკეთეები, ადამიანებმა გადაწყვიტეს დაესახათ საერთო მიზანი, საერთო თამაშის წესები და ყველაფერი დაეგეგმათ.

მიზეზი იმისა, თუ რამ შეიძლება გადააქციოს დემოკრატიული სახელმწიფო ტოტალიტალურ სახელმწიფოდ არის დაგეგმვა და მემარცხენე ეკონომიკა. იმისათვის რომ სახელმწიფომ რაიმე დაგეგმოს და შემდგომ შეძლოს მისი განხორციელება, საჭიროა რაიმე კონცენტრირებული ძალაუფლება, სწორედ ამიტომ, ის ითხოვს დიდ ძალაუფლებას. ძალაუფლება ხალხისგან გადადის მთავრობაში, თითოეული მოქალაქე თმობს თავის თავისუფლებას და საკუთრებას იმისთვის, რომ სახელმწიფომ შეძლოს მისი პოლიტიკის თავისუფლად გატარება (სწორედ ისე, როგორც ჟან ჟაკ რუსო მოიაზრებდა თავის ნაშრომებში). როგორც ლორდ ექტონი იტყოდა: „ძალაუფლება რყვნის, აბსოლიტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად“. როდესაც ძალაუფლება ხალხშია გადანაწილებული, მაშინ ძალაუფლების მასშტაბი ძალზედ მცირეა, ხოლო როცა კონცეტრირებულია ერთი ცალკეულ ადამიანის ხელში, მაშინ ძალაუფლება იძენს წარმოუდგენელ მასშტაბებს, ხოლო მსგავს მმართველობაში წარმატებას ყოველთვის ერთიმეორეზე უარესი და ამორალური ადამიანები აღწევენ. ადამიანი, რამდენადაც არ უნდა დემოკრატიულად იყოს განწყობილი, თუ ის მიმართავს გეგმიურ ეკონომიკას, მაშინ მას მოუწევს არჩევანის გაკეთება: ან შეეგუოს თავისი გეგმის სრულ კრახს, ან იკადროს და გააკეთოს ყველაფერი, რათა რაც შეიძლება გაიხანგრძლივოს მართველობის ლეგიტიმაცია და განაგრძოს მიზნისკენ სრაფვა, ყოველგვარი უხეში და არაჰუმანური გზების გამოყენებითაც კი. ადამიანებში იღვიძებს იდეა, რომლის მიხედვით,  მიზანი ამართლებს საშუალებას. იმისათვის რომ მთელი საზოგადოება მოიმართოს ერთი იდეის განსახორციელებლად, ერთადერთი გზა ძალდატანება და დაშინებაა. სწორედ ამიტომ იყო, რომ ყველა საბჭოთა ლიდერი გამოირჩეოდა თავისი არაჰუმანური გადაწყვეტილებებით. მსგავს წყობაში არა მხოლოდ ლიდერია საოცრად ნეგატიური პერსონა, არამედ მისი მიმდევრებიც – მრავალრიცხოვანი თანამოაზრეთა ჯგუფი გამოირჩევა არა საუკეთესო, არამედ ყველაზე ცუდი წევრებით. „ტოტალიტარული სახელმწიფო, როგორც წესი, ცდილობს ქმედითი კონტროლი გაუწიოს არა მხოლოდ ქცევას, არამედ მათ აზრებსაც და გრძნობებსაც“ (ჯორჯ ორუელი). მოცემულ სისტემას არაჩვეულებრივად აკრიტიკებს ფრიდრიხ ჰაიეკი „საკუთარი მიზნების მისაღწევად დამგეგმარებლებს ისეთი ძალაუფლება სჭირდებათ, რომლის მსგავსი მანამდე არ ყოფილა და ადამიანთა ერთი ჯგუფის სხვებზე უშუალო ბატონობას გულისხმობს“ (ფრიდრიხ ჰაიეკი).

სწორედ შიშმა ინდივიდების, შიშმა განსხვავებულობის და შიშმა  თავისუფლების მიმართ აიძულა საბჭოთა ლიდერები, გამოეყენებინათ ყველაზე სასტიკი მეთოდები, რათა მათი სისტემა რამენაირად შეენარჩუნებინათ. მათთვის მთავარი მიზანი იმ ინტელექტუალური მასის ლიკვიდაცია და განადგურება იყო, რომლებიც განსხვავებული აზრს ავრცელებდნენ საზოგადოებაში. მათ პირველივე დარტყმა მიაყენებს ქვეყნის ყველაზე განათლებულ ფენას, რადგან მხოლოდ თავისუფლება და განათლებაა ის იარაღი, რაც ყველა ტოტალიტარულ სისტემას გააცამტვერებს. ეს კარგად იცოდნენ საბჭოთა ლიდერებმა, ისინი შეეცადნენ შეეცვალათ ერის ცნობიერება, გადაეწერათ ისტორია და ამის საშუალებით შეენარჩუნებინათ მართველობა. „ვინც მართავს წარსულს, ის მართავს მომავალს, ვინც მართავს აწმყოს, ის მართავს წარსულს“ (ორუელი). თუმცა, მიუხედავად ინტელექტუალურ ფენაზე გალაშქრებისა, მაინც ვერ შეძლო საბჭოთა კავშირმა კონკურენცია გაეწია კაპიტალისტური სამყაროსთვის, რადგანაც მათ ვერ გაიაზრეს, რომ ადამიანი ბუნებითად რაციონარული არსებაა და თავისუფლება მისი ბუნებით  უფლებაა, რომლის ხელყოფაც არასდროს დამთავრდება ტოტალიტარისთვის კარგად. შეუძლებელია ცივილიზაციის დამყარება შიშზე, სიძულვილსა და სისასტიკეზე, ის ვერ იარსებებს.

დასასრულს მინდა ვთქვა, რომ ყოველი მცდელობა ეგალიტარული საზოგადოების მიღებისა  განწრირულია, ის აპრიორი მოითხოვს, რომ დამყარდეს ტოტალიტარული მმართველობა, ჩვენ მივიღებთ სისტემას, სადაც თანასწორობა უთანასწორობაზე იქნება დაფუძნებული, როგორც ორუელი წერს თავის არაჩვეულებრივ ნაწარმოებში: „ახლა კედელზე ერთადერთი მცნება ეწერა: „ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი ცხოველი უფრო თანასწორია, ვიდრე სხვები“. ასე რომ, ჩემო მკითხველო, უარი ვთქვათ ძალადობრივ სიტემაზე, გავიაზროთ დაშვებული შეცდომები და ვიბრძლოთ მეტი თავისუფლებისთვის.

 

 ავტორი ცოტნე კობერიძე

 

postpoll

noimg

920 Hamilton St. Wausau WI 54403, USA
Email: info@society.ge