noimg 3d464c7c8ecbfb7f1490833ad2919c54ea22b51d

ელიტის მარადიული შეცდომა

Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

ელიტის სოციოლოგია, სოციალური ანთროპოლოგია, ძალზედ საინტერესო სფეროა ჩვენთვის, გამომდინარე იმ დეფიციტიდან, რომელიც ჩვენმა ერმა მიიღო საბჭოთა საპყრობილეში გამოკეტვის პერიოდში და კიდევ უფრო ადრე, რუსეთის იმპერიის ჩვენს ტერიტორიაზე შემოსვლის დროიდან. შესაბამისად, დღეს პირადად ჩემთვის, მეტად აქტუალურად დგას საკითხი, თუ ვინ არის ან რას წარმოადგენს დღევანდელი ელიტა საქართველოში.

(ერთი მნიშვნელოვანი შენიშვნა – ამ სტატიაში, ქვემოთ, ტერმინები «ელიტა» და «არისტოკრატია» გამოყენებული იქნება სინონიმებად, რაც შესაძლოა ერთგვარი კამათის საგანი გახდეს, თუმცა მოდით შევთანხმდეთ იმაზე რომ «არისტოკრატიასა» და «ელიტას» შორის სხვაობა, გარკვეული ისტორიული პერიოდის შემდეგ დადგა და შესაბამისად «ფართო მასის» საპირისპირო ცნებად იქნება გამოყენებული)

საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ, ყველა ფორმაციის არისტოკრატიამ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა, რომელიც ჩვენში იმ მარტივი მიზეზით ვერ მოხდა რომ მაშინ, ევროპულ სივრცეს მოწყვეტილები ვიყავით და მაშინდელი ელიტის ძალიან მცირე ნაწილმა თუ გაიაზრა ის ცვლილებები, რომელიც მოხდა.

ილია ჭავჭავაძის ფენომენალურობაც სწორედ იმით არის განპირობებული, რომ საფრანგეთის რევოლუციიდან, თითქმის საუკუნის შემდეგ, ცდილობდა ევროპული ყაიდის ელიტის ფენომენის შემოტანას, მაშინდელი საქართველოს მოსახლეობის ცნობიერებაში.

მომდევნო ეტაპზე, როდესაც კაპიტალიზმის განვითარებამ საშუალო ფენის (ზოგიერთი სოც.ანთროპოლოგის კვლევებში – ფართო მასები) ჯერ გაჩენა და შემდეგ გაძლიერება გამოწივია, ბუნებრივად მოიტანა ის რომ აღნიშნული «ფართო მასა» მეტად აქტიური გახდა სოციალური მაშტაბის გადაწვეტილებების მიღებაში, ანუ პოლიტიკაში, რამაც გააჩინა ამ ფენის წარმომადგენლებში საკუთარი მნიშვნელობის გრძნობა, რომელიც ერთგვარი დათმობა იყო მაღალი ფენის წარმომადგენელების მხრიდან. მას შემდეგ საშუალო ფენა გახდა მოცემულობა, რომელიც მნიშვნელოვანწილად განაპირობებდა სოციალურ რეალობას და განსაზღვრავდა ელიტად ტრანსფორმირებული არისტოკრატიის ცხოვრების, ახალ რეალიებს. ეს ყველაფერი ევროპულმა საზოგადოებამ გაცილებით უმტკივნეულოდ გაიარა იმ მარტივი მიზეზის გამო რომ კომფლიქტი, «ფართო მასასა» და ელიტას შორის, ინტელექტუალური კონკურენციის სიბრტყეში წარიმართა, რომელშიც არისტოკრატიამ საკუთარი ცოდნის გაზიარება არჩია და არა პრიქით, ანუ ამ ცოდნის გამოყენებით «ფართო მასის» ჩახშობა. ხოლო აღმოსავლეთით, მაგალითად რუსეთში, 1917 წლის რევოლუცია მნიშვნელოვანწილად განაპირობა სწრედ იმან რომ დასავლეთ კულტურას ნაზიარები რუსული ელიტა, რომელიც გერმანულ და ფრანგულ ენებზე საუბრობდა,  საკუთარ «ფართო მასას» იქედნურად უყურებდა და კიცხავდა მათ, გაუნათლებლობის გამო. შედეგად დადგა ის რომ 1917 წლის რევოლუციის სახით, «ფართო მასის» უკმაყოფილებას სწორედ იმ მხრიდან შეუნთეს ცეცხლი კომუნისტებმა, საითაც მეტად ჩაგრული მასა იდგა. საბჭოთა პერიოდ გამოვლილ ადამიანებს ახსოვთ ალბათ ის დამოკიდებულება კომუნისტურ იდეოლოგიაში, რომელიც შთამომავლობითი ელიტის (არისტოკრატიის) მიმართ გააჩნდათ, მარქსიზმ-ლენინიზმის ჰიბრიდული ფორმაციის კომუნისტებს. თუმცა რევოლუციამდელმა რუსულმა არისტოკრატიმ მოხდინა ის რომ ყველა სფერო სადაც «ფართო მასების» წარმომადგენლთა ელიტად ქცევის შესაძლებლობა იყო, ისევ საკუთარი ძალაუფლებისა და გავლენის ქვეშ მოაქცია, ანუ ჩაახშო «ფართო მასა» და შესაბამისად ამ ვითარებიდან გამოსავალი მხოლოდ რევოლუცია იყო, შესაბამისად მოხდა ის რაც ბუნებრივად უნდა მომხდარიყო და ხდება ყოველთვის, როდესაც ფართო მასა გრძნობს რომ უზღუდავენ შესაძლებლობას.

დღეს, საქართველოშიც თითქმის ანალოგიური ვითარებაა და გამოცხადებული ახალი ქართული ელიტა, ზედმიწევნით ზუსტად იმეორებს გასული საუკუნის რუსული ელიტის შეცდომას.

ყველას გექნებათ შემჩნეული, ეროვნული ღირებულებებისადმი, საშუალო სტატისტიკური ქართველის ფენომენისადმი ერთგვარად ცინიკური დამოკიდებულება, რომელიც ძირითადად ადამიანთა იმ კატეგორიისგან მოდის, რომელიც ასევე დასავლეთ კულტურას არის ნაზიარები და საუბრობს ინგლისურ ენაზე, ესმის დასავლეთ მენტალობის თავისებურებანი და ხედავენ იმ ნაკლოვანებას, რომელიც საბჭოთა იდეოლოგიამ ღრმად ჩაბეჭდა ჩვენს ღირებულებით კონსტრუქციაში. ქართვული ელიტის შეცდომა სწორედ იმაში მდგომარეობს რომ საერთო მენტალური ფონის გაუმჯებესების ნაცვლად, ირჩევენ საკუთარი უპირატესობის დემონსტრირების გზას და ამას ახდენენ დღევანდელი «საშუალო სტატისტიკური»  კატეგორიის ადამიანების კრიტიკის, ხშირად კი პირდაპირი დაცინვის გზით. გარკვეულწილად 2003-2012 წლების პერიოდში, საქართველოში არსებული პოლიტიკური ელიტის მიმართ უკმაყოფილების საფუძველი რიგით მოქალაქეებში, სწორედ ამ მიზეზს ეფუძნებოდა.

ჩემის აზრით ბოლო ნაწილში აუცილებელია განვსაზღვროთ, დღევანდელ საქართველოში ვინ შეიძლება ჩაითვალოს ელიტად. არსებული რეალობის მიხედვით, ელიტები მაღალი განვითარების საზოგადოებაში (რომლეშიც მეტწილად იგულისმხება კაპიტალიზმის ხანგძლივი ტრადიციის ქონა), ფრაქცირებულია და კონკრეტული სფეროს მიხედვით ნაწილდებიან. ჩვენში ჯერჯერობით მხოლოდ პოლიტიკური ელიტა არსებობს, რომელსაც ყველაზე დიდი სოციალური გავლენა აქვს და მათ საპირწონედ არ გვყავს ინტელექტუალური ელიტა, რომელიც პოლიტიკური ელიტის ქმედების რევიზირებას მოახდენდა და რომელთა დიაგნოზიც ელიტის მიმართ, «ფართო მასისთვის» ავტორიტეტული იქნებოდა. სამწუხაროდ ინტელექტუალური ელიტის ის მცირე ნაწილიც, რომელიც გვყავს პოლიტიკურ ელიტად წოდებულ ნაწილს არიან მიტმასნილი და ამიტომაც არ ახდენენ მათი ქმედების რევიზირებას, კრიტიკასა და ქცევის კორექტირებას. ელიტა ამით კმაყოფილია და ინტელექტუალების მათ მხარეს ყოფნას, საკუთარ უპირატესობის ხაზგასმისთვის იყენებს. ერთგვარად, «ნაციონალურ მოძრაობაში» მიმდინარე პროცესიც ზემოთ აღწერილი კონფლიქტის მიკრო მოდელია და ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება ეს პროცესი სასარგებლო თავად «ელიტისთვის», იმ მარტივი მიზეზის გამო რომ «ფართო მასას» გააზრებული აქვს საკუთარი ძალა, აქვს მოთხოვნილება იყოს ჩართული სოციალური მაშტაბის გადწყვეტილებების მიღებაში და არაფრისდიდებით არ დაუშვებს იმას რომ ეს უფლება შეეზღუდოს.

სამწუხაროა მაგრამ ფაქტია, დღეს საქართველოში იმდენად მცირე ჯგუფი შეიძლება იწოდებოდეს ელიტად, რომ მათი საერთო ეროვნულობის მაშტაბის მინიჭებაც ერთგვარ პრობლემად მესახება, შესაბამისად ამ ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ საკუთარი მნიშვნელობა და «ფართო მასასთან» კონფრონტაციას, კოოპერაცია უნდა არჩიონ.

 

ავტორი – ლადო ჩალათაშვილი

 

postpoll

noimg

920 Hamilton St. Wausau WI 54403, USA
Email: info@society.ge