noimg soviet-farm-art

გამბედაობა თუ კომპრომისი? შემოქმედებითი წარმატება საბჭოთა რეალობაში

Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის სასერტიფიკატო კურსის “საბჭოთა წარსული. რეჟიმის ინსტრუმენტები“ ფარგლებში ნატალია სტრედომის მიერ შექმნილი ესე,

რომელიც საუკეთესოთა შორის მოხვდა.

თავისუფალია საზოგადოება, რომელშიც უსაფრთხოა იყო არაპოპულარული.

ალდაი სტივენსონი

ადამიანი იბადება თავისუფალი.მას ეძლევა სხეული, როგორც უპირველესი კერძო საკუთრება და გონი, რომლითაც ის სამყაროს კონტექსტებში ირთვება. შემოქმედებით წარმატებაზე რომ ვისაუბროთ, ჯერ უნდა განვსაზღვროთ, რა არის იგი? – შემოქმედება ადამიანის პიროვნული თავისუფლების განხორციელების აქტია.თავისუფლება ზოგადადამიანური უპირობო ღირებულებაა. თავისუფლების გამოხატვის ფორმებია: შემოქმედება-როგორც უკვე ავღნიშნეთ , რისკი (არჩევანის არსებობის პირობებში გაურკვევლობის გადალახვის უნარი),თამაში (არჩევანის შესაძლებლობა, მაგ.კარნავალი). შემოქმედება ადამიანს აძლევს საშუალებას მოცემული, არსებული რეალობის მიღმა გავიდეს. შემოქმედებითობა (კრეატიულობა) ემყარება დაშვებას, რომ ადამიანს შესწევს უნარი, აირჩიოს გარკვეული სიახლე, იყოს სიახლის მხარეს. ესაა პოზიცია – გჯეროდეს საკუთარი ინტერპრეტაციის და მისცე მას არსებობის უფლება, დაუშვა შენი საქციელი, როგორც თანასწორი აქ და ამ რეალობაში როგორიც იგი არის. შემოქმედების განხორციელების პირობაა თავისუფლება -თავისუფალი სივრცე და საშუალებები მისი განხორციელებისთვის.

თავისუფლების საპირისპიროდ – კონფორმიზმი – ესაა რეალობის უკრიტიკო, უპირობო მიღება, გაბატონებული სტანდარტებისა და შეხედულებების მიმდევრობა, მასობრივი ცნობიერების კონტექსტებითა და ცნებებით აზროვნება.

ჩემი ყველაზე მძაფრი განცდა გამოყოლილი საბჭოთა ბავშვობიდან არის ფრთხილი კეთილდღეობის განცდა. რაღაცნაირად ფრთხილად ხდებოდა ყველაფერი, ფრთხილად და კონკრეტულ კონტექსტებში მიდიოდა ცხოვრება.ფრთხილად სწავლა სკოლაში, ფრთხილად ფიქრი, ფრთხილად დაკვირვება. ახლაც, როცა დავფიქრდები რა მახსოვს საბჭოური ეპოქიდან – ეს ის ირაციონალური სიფრთხილეა,რომელიც ყველაფერს მსჭვალავდა.

საბჭოთა ეპოქა ადამიანებს ინტელექტუალურ და ზნეობრივ საცდურებს სთავაზობდა.ამ დროის პროდუქტია „ორმაგი ცნობიერება“, ფენომენი, როდესაც შემოქმედი – საბჭოთა ძალაუფლების მიუღებლობის პირობებში – მიდის ამ ხელისუფლებსთან თანამშრომლობაზე. საბჭოთა კავშირში არსებობდა ერთიანი შემოქმედებითი მეთოდი – სოციალური რეალიზმი, ეს ახალი პარადიგმა შემოქმედს შინაგანი „გარდაქმნის“ აუცილებლობის წინაშე აყენებდა. ისინი შეგუებულობისა და არჩევანის, იძულებისა და ნებაყოფლობითობის ხარისხით ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ, მაგრამ ვერცერთი შემოქმედი ვერ ასცდა სოცრეალიზმის პირობებში შემოქმედებითი კოდების ტრანსფორმაციას.

სოცრეალიზმში შესვლა ხდებოდა დავალების ან დაკვეთის მიღებითა და დამუშავებით -შედარებისთვის -კლასიკურ კულტურაში- შემოქმედი აგრძელებს ტრადიციას, მოდერნიზმში-იგონებს ახალ, დამოუკიდებელ რელობას. იმისათვის, რომ ადამიანს „დაკვეთის“ იდეა შემოქმედებითად გაეაზრებინა და შეესრულებინა, მას უწევდა ნატიფი და დამაჯერებელი კომპრომისების შემუშავება. საქმე ეხება სრულიად გარკვეულ შემოქმედებით ქცევას, რომელიც თავის თავში ატარებდა კომფორმიზმს – ისეთი ხერხების შემუშავებას, რომლებიც შესაძლებელს გახდიდა ერთმანეთს შეთავსებოდა გაბატონებული (სოციალისტური) ესთეტიკური დისკურსი და ავტორის შემოქმედებითი ცნობიერება და ბუნება.

ყველაზე მარტივად სოცრეალიზმის მოთხოვნებს ასრულებდა ის შემოქმედი, რომლის პირადი ესთეტიკური და მსოფლმხედველობრივი პრინციპები არამკაფიო იყო. რადგანაც სოცრეალიზმის აბსურდულ მოთხოვნებს სრულად ვერ შეასრულებდი, ყველაზე კარგად შემოქმედების ამ ტიპთან ადაპტირება გაუადვილდათ ისეთ „შემოქმედებს“ რომლებსაც დაკვეთის სწრაფად და ზუსტად შესრულება შეეძლოთ. საბჭოთა კავშირში არსებობდა „საზოგადო მითოლოგია“, რომელიც არ ითვალისწინებდა ისეთ სცენარს, სადაც ადამიანი თავისთვის, საკუთარი, ინდივიდუალური ინტერესებისა და პიროვნული მიზნებისთვის იცხოვრებდა და იშრომებდა. ადამიანის ნებისმიერი ქცევა შეიძლებოდა მიჩნეულიყო ნორმიდან გადახვევად, ოღონდ ეს ნორმა არ არსებობდა, რადგან ნორმა თავისთავად პირობითი რამეა.

ესე იგი შექმნილი იყო, როცა ერთის მხრივ – ადამიანს თავს ახვევდნენ იდეოლოგიას – რეალობა განიხილებოდა და აიხსნებოდა ერთაზროვანი შინაარსების სიბრტყეებში – მეგობრული-მტრული, ჩვენთან-ჩვენ წინააღმდეგ და მეორეს მხრივ, ამუშავებული იყო უსასტიკესი სადამსჯელო მექანიზმი „სხვაგვარად მოაზროვნეებს“ -დისიდენტებს -კეტავდნენ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში. ასეთ შემთხვევებში „დანაშაულის“ ფორმულირებები იყო გადღაბნილი – ეს იყო განაჩენი და არა დიაგნოზი. დაეჭვება პროპაგანდის სიმართლეში საბჭოთა ხელისუფლებას აძლევდა საფუძველს, ადამიანები ფსიქიურად აშლილად გამოეცხადებინათ.

სხვაგვარად მოაზროვნეები იყვნენ ცოტა, უფრო ნაკლები იყვნენ ისინი ვინც სხვაგვარად აზროვნებდა და ხმამაღლა ამბობდა კიდეც სათქმელს.

ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მძაფრი და ყველაზე ამომწურავი ფენომენი, რომლითაც ხასიათდება საბჭოთა ეპოქა – არის ფარისევლობა. კომპრომისებზე წასვლის უნარი გადარჩენისა და წარმატების გზა იყო. შემოქმედი ადამიანები (ინტელიგენცია) არა მხოლოდ ამართლებდნენ ღირებულებათა საბჭოურ სისტემას, არამედ იღვწოდნენ, განედიდებინათ იგი. საბჭოთა ძალაუფლება ათწლეულების განმავლობაში ავითარებდა ადამიანებში არასრულფასოვნების განცდას. სწორედ „ხალხთან“ შედარებული ეს შინაგანი არასრულფასოვნების განცდა ხდებოდა შემოქმედებისთვის კონფორმიზმის ერთ-ერთი მიზეზი. ასე ხდებოდა ყველა სფეროში, მაგრამ განსაკუთრებით ლიტერატურაში, რადგან სიტყვა წარმოადგენდა საბჭოთა მითოლოგიის უძლიერეს ინსტრუმენტს და ბევრი მწერალი ექცეოდა გაბატონებული გავლენების ქვეშ. ლიტერატურული ცხოვრება იმგვარად იყო მოწყობილი რომ მასში მონაწილეებს შემოქმედებითი ქცევის დიდ არჩევანს არ უტოვებდა. საბჭოური ნარატივი ორ ძირითად პრინციპს ეყრდნობოდა: მასობრივი ცნობიერების მართვა (თითოეული ადამიანი ბედნიერია, რომ საბჭოთა სახელმწიფოში ცხოვრობს ) და საბჭოთა სახელმწიფო ყველაზე სამართლიანი და პროგრესულია. არცერთ ლიტერატურულ დაჯგუფებას ან ცალკეულ შემოქმედს არ ჰქონდა უფლება, შეენარჩუნებინა თავისი ესთეტიკა – ყველა უნდა გაერთიანებულიყო საბჭოთა არეალში.

მიუხედავად საბჭოური სისტემის წნეხისა და უსასტიკესი კონტროლის და დასჯის მექანიზმებისა, არსებობდნენ ადამიანები, ვინც შესძლო და საბჭოური კოშმარიდან ჯანსაღი ფსიქიკა და ადექვატური განსჯის უნარი გამოიტანა. ასეთი ადამიანი იყო პეტრე გრიგორენკო, მართალია იგი არ იყო შემოქმედი (არტისტი, ხელოვანი ან მწერალი), მაგრამ მან შეძლო და ყველაზე მთავარის გაკეთება-ღიად საუბარი საბჭოურ თავს მოხვეულ კოშმარზე. თავის ბოლო ინტერვიუში იგი ამბობს თავისუფალი ადამიანისთვის ერთ-ერთ ფუნდამენტურ რამეს – „ადამიანის სულში დაბადებული სწრაფვა, ემსახუროს სიმართლეს არის უმაღლესი მოწოდება და ამისათვის ღირს ცხოვრება“ და მე ჩემგან დავამატებდი, რომ სიმართლისათვის ცხოვრება არა მხოლოდ ღირებულია, არამედ თვით იგია სიცოცხლე- სულის წადილი – მიიღო და გარდაქმნა რეალობა შენს პიროვნულობაში იმგვარად, რომ შენით სამყარო გახდეს უკეთესი.

 

ავტორი ნატალია სტრედომი

 

postpoll

noimg

920 Hamilton St. Wausau WI 54403, USA
Email: info@society.ge