noimg 14894660_10205537343911566_156133679_o

ქართული ელექტორალური პარადოქსები

Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

ავტორი ლადო ჩალათაშვილი

წინასაარჩევნოდ, ვიდრე გარშემო ყველაზე აქტუალური განხილვადი თემა არჩევნები და მასში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტები იყვნენ, ერთგვარ პატარა საველე გამოკვლევას ვატარებდი. ადამიანებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ არჩევნებზე აუცილებლად მიდიოდნენ, ვეკითხებოდი რას აფუძნებდნენ გადაწყვეტილებას. “ქართული ოცნების” ამომრჩეველის აბსულუტური უმრავლესობა “სისხლიანი ცხრა წლის” თემატიკითა და არგუმენტებით იყო აღჭურვილი. შემდეგ ვთხოვდი აზრის დაფიქსირებას, შემდეგი სახის მორალისტურ შინაარსზე დაფუძნებული მტკიცებულების შესახებ – ერთი სიკვდილი სჯობია, ასის კარგად ყოფნისათვის თუ ასისი სიკვდილი ერთისთვის? აბსულუტურად ყველა ამბობდა რომ ჯობია ერთის სიკვდილი, ასის კარგად ყოფნისათვის. დიალოგის რეჟიმში ვთავაზობდი შემდეგი გონებრივი ექსპერიმენტის ჩატარებას:

– 90-იანების ბოლო და 2000-ის დასაწყისის პერიოდი, როდესაც აქტუალური საკითხები იყო პანკისში გატაცებული მძევლები, ერგნეთის ბაზარი და გზებზე გამეფებული გაიშნიკები, პოლიცია, ჯარი, კრიმინალი და მკვლელობები ქუჩებში, სიკვდილიანობა ნარკომანიით, ავადმყოფობებით. სამედიცინო და განათლების სფეროში არსებული საშინელი პირობები და ა.შ. ამ გამოცდილების ფონზე ვიცით, ასევე “9 წლიანი რეჟიმი”.

– ვართ 2003 წელს და ხდები საქართველოს პრეზიდენტი – რა არჩევანს აკეთებ?

აბსულუტური უმრავლესობა იმ ადამიანებისა, რომლებიც “9 წლიანი რეჟიმი”-ს არგუმენტით გაბრაზებულები, ქართული სამეტყველო ტრადიციის მიხედვით, ღრმა და ყოვლისმომცველი გინების თანხლებით გამოთქვამდნენ საკუთარ აზრს, ირჩევდა “90-იანების” (სიმბოლურად ასე იფუთებოდა საუბარში)  გაგრძელებას. ამ მასშტაბის ალოგიკურობა, ადამიანის მორალურ მტკიცებულებებსა და ქცევას შორის, არასოდეს დამიფიქსირებია და ეჭვი მაქვს ასეთი ლოგიკური “წყვეტები” უამრავი გვაქვს. ეს არის მიზეზი ქართული, თანამედროვე მენტალის პარადოქსულობის, რომელიც თავისუფლების მოპოვებაში გვიშლის ხელს მთელს ერს.

გამომდინარე აქედან, ქართული ელექტორალური  განწყობების ჩამოყალიბება ხდება არა ლოგიკური, მორალურად გამართული მტკიცებულებებით, არამედ ემოციური ფენომენებით, რომლის ემოციურობის მუხტიც, სწორედ მისი ლოგიკური წყვეტით და და შინაარსის ემოციური ნაწილის უტრირებით არის განპირობებული.

ასეთი ელექტორალური განწყობები, ჩემი სუბიექტური შეფასებით, თავისუფლების წლებში ოპოზიციის მიერ არის ჩამოყალიებებული და მათი ქცევის სპეციფიკამ განაპირობა ის, რომ საზოგადოებრივი ყურადღებისა და ელექტორალური განწყობების მართვა, არჩვნებს შორის პერიოდში, კონკრეტული თემატური საკითხებზე რეაგირებით კი არ ხდებოდა, არამედ ყოველი პროტესტი, ხელისუფლების მორიგი დამხობის მოთხოვნით იმართებოდა. ორგანიზატორებს, მეტი საპროტესტო მუხტის შესაქმნელად, უწევდათ, ხელისუფლების მიერ «დაშვებულ შეცდომად» შეფუთვასდი საკითხებისა თუ მოვლენების, გაზვიადება და უტრირებული სახით საზოგადოებისთვის მიწოდება. ასევე ხშირად იყო გამოყენებული, იმ კონკრეტულ დროის მონაკვეთში, მეტნაკლებად რეალისტური ფორმულირების ტყუილი მოვლენის მოგონება, რომელშიც სრულიად რეალურ ადამიანებს სდებდნენ ბრალს და ამით საპროტესტო განწყობების შექმნის გარდა, ახდენდნენ კონკრეტული ჩინოვნიკების მარგინალიზებასაც. ერთიც და მეორეც, თავის თავში გულისხმობს რეალობისგან მოწყვეტას და შესაბამისად ძნელი იქნება, მასში ლოგიკის შენარჩუნება. ამიტომაც ხდებოდა ემოციებზე აპელირება და ეს იძლეოდა გარკვეულ შედეგს, იმის მიხედვით თუ რამდენად ემოციონალურად წონადი საფუძველი ედო პროტესტს. შესაბამისად ამომრჩეველი მიეჩვია საარჩევნოდ, “ემოციური იმპულსის” მიღებას და ამ იმპულსის შესაბამისად მოქმედებას.

მაშინ როდესაც არ არსებობს ასეთი ემოციონალური იმპულსი, ქართველი ამომრჩეველი კომფორმიზმის გზით მიდის და ამით იკმაყოფილებს დანაკლისს.

ზემოთ მოყვანილი მოსაზრების დასტურად, 2012 წლის მოვლენები და ოპოზიციის მიერ სახელისუფლებო გუნდის დამარცხების პროცესი შეგვიძლია ავიღოთ. მაგალითისთვის, არავინ, ვინც კი აღშფოთებული იყო გავრცელებული ციხის კადრების სისასტიკით, არ დასვა ერთი ძალზედ ლოგიკური შეკითხვა არც მას შემდეგ, რაც გაირკვა ამ კადრების შექმნის თარიღი და ხელოვნურობა. როგორც აღმოჩნდა, ეს კადრები წელიწადი და ოთხი თვე ინახებოდა და არ გასაჯაროვდა, კონკრეტული პოლიტიკური ძალა ელოდა კონკრეტულ დროს, როდესაც მისი გამოყენება უნდა მომხდარიყო. ეს თითოეულმა მოქალაქემ კარგად იცის, თუმცა არცერთისგან არ მომისმენია კითხვა ამ ვიდეოების შემქმნელებისა და შემნახავების მიმართ, თუ რატომ არ გამოქვეყნდა ეს შემზარავი კადრები მაშინვე, როდესაც ჩაუვარდათ ხელში, ამით ხომ უამრავი ადამიანისთვის შეიძლებოდა წამებისა და ა.შ. სისასტიკეების თავიდან აცილება? ქართველმა ამომრჩეველმა, მაშინაც და მას შემდეგაც, მოვლენაზე ლოგიკური რეაქცია მიიყურისძირა და მთლიანად ემოციებს აყოლილი, აგერ უკვე ოთხი წელია, სრულიად ალოგიკურ (სახელმწიფო აზროვნებისა და მართვის სპეციკიდან გამომდინარე) ქმედებებს ისევ 2012 წლის, ემოციური იმპულსებით პასუხობს.

ზემოთ მოყვანილი ელექტორალური რეალობის გათვალისწინება მოუწევს ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, რომელიც საკუთარ თავს ხედავს, ქვეყნის მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაში და რომელსაც, აქვს პრეტენზია მომავალში, მოვიდეს ხელისუფლებაში არჩევნების გზით.

ასევე ამ ყველაფერზე დაფიქრება მართებს თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც საარჩვნო ხმის უფლება აქვს. ასეთი შინაარსებით ქვეყნის საერთო ყოფა-ცხოვრებაზე მიღებული გადაწყვეტილებები, ვერ იქნება კარგი ვერც თავად მათთვის და ვერც მათი შთამომავლებისთვის.

postpoll

noimg

920 Hamilton St. Wausau WI 54403, USA
Email: info@society.ge