noimg 14488986_614894568682603_408038038_o

სიმართლის შიში

Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

„ერის პირქვე დამხობა,გათახსირება, გაწყალება იქიდამ დაიწყება, როცა იგი თავისს ისტორიას ივიწყებს, როცა ხსოვნა ეკარგება თავისის წარსულისა, თავისის ყოფილის ცხოვრებისა.შვილმა უნდა იცოდეს, სად და რაზედ გაჩერდა მამა,რომ იქიდამ დაიწყოს ცხოვრების უღლის წევა.შვილს უნდა გამორკვეული ჰქონდეს, რაში იყო მართალი და კარგი მისი მამა, რაში იყო შემცდარი,რა ავი მიიჩნია კეთილად და რა კეთილი – ავად“.
                                                                                            ი. ჭავჭავაძე „ერი და ისტორია“.
საკვირველია, რამდენი ხანია, რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, მაგრამ  დღის წესრიგში დღემდე  არ დამდგარა იმ ფენომენის შესწავლა და გაანალიზება, რასაც საბჭოეთი ერქვა. თუკი მაშინდელ რეალობაში ტოტალიტარული რეჟიმის წნეხი შეუძლებელს ხდიდა სინამდვილის ძიებას, რომელიც კარადის ჩონჩხივით საგულდაგულოდ იყო დამალული, მისი დაშლის შემდეგ  მოიხსნა შიშის ფაქტორი, გაჩნდა დაფარული რეალობის გახსნის შესაძლებლობა, თუმცა წლები გავიდა და ტყუილში შეფუთული წარსულის გამოძიებას საშველი არ დაადგა. საზოგადოება ისე გადავიდა თავისუფალი ქვეყნის შექმნის სტადიაში, რომ განვლილი  რეჟიმის პერიოდის გაანალიზება არც უცდია, უმალ დავიწყებას მიეცა ქვეყანა, სადაც ათწლეულების მანძილზე ხდებოდა ადამიანთა მიზანმიმართული გადაგვარება,სადაც ტოტალურ ტყუილში ცხოვრობდა მილიონობით ადამიანი.14518683_614244465414280_1066828026_n
ახალ რეალობაში მოხვედრილებს ალბათ გულუბრყვილოდ ეგონათ, რომ სუფთა ფურცლიდან შეეძლოთ ახალი ცხოვრების დაწყება ესოდენ მნიშვნელოვანი წარსულის გამოძიების გარეშე, უხმოდ შეთანხმდნენ, რომ შვილებს არ უნდა სცოდნოდათ, როგორ ცხოვრობდნენ მათი მამები და დღემდე ვერ ამჩნევენ, რომ დღევანდელ ქვეყანას ისევ ის გუშინდელი საბჭოელი ამუხრუჭებს, რომელსაც თვითშეფასება არ გაუვლია, ძველი ხედვისაგან არ განთავისუფლებულა და შესაბამისად არც გაჯანსაღებულა. ის ისევ ძველ წყობას მისტირის, ისევ ის „უზუნველი“ ცხოვრება ენატრება, როცა გულდამშვიდებული ცხოვრობდა სახელმწიფოს ხარჯზე, ჰქონდა „გარანტირებული“, სტაბილური ხელფასი, ავეჯისა და ტანსაცმლის შესაძენად დადიოდა მოსკოვში, არ ჰქონდა გადასახდელი ამდენი გადასახადი, როცა „ყველაფერი კაპიკები ღირდა“ და ა.შ. ის ვერ ეგუება კონკურენტუნარიან გარემოს და მტკივნეულად აღიქვამს ყველა რეფორმას, რადგან დიდი ხანი დაჰყო კომუნისტური მარწუხების წნეხქვეშ. ამ წნეხმა თაობები „გამოზარდა“, ჯერ ლენინის სისხლიანი ტერორი გამოატარა,მერე სტალინური რეპრესიები, ბოლოს კი გვიანი საბჭოეთის კორუმპირებულობა. წლების მანძილზე „საბჭოთა ტვინი“ დაჩლუნგდა, დაკარგა სინამდვილის სწორად აღქმის უნარი და მოთხოვნილებაც კი. მონობის დაღი, რომელიც კომუნისტურმა შემგუებლობამ დაასვა საბჭოთა ადამიანს, არ გამქრალა. ის დაუძლეველ წინაღობად რჩება პოსტსაბჭოთა სივრცეში (კერძოდ საქართველოშიც), რადგან არ გამოძიებულა, არ გაანალიზებულა და არ შეფასებულა საბჭოთა ადამიანის ცხოვრების წესი, მისი მენტალობა, მისი აღმზრდელი გარემო თუ მაშინდელი საზოგადოების მართვის მექანიზმები. არ ისმება კითხვა: ვინ იყო საბჭოთა ადამიანი? – მონა, მსხვერპლი, კონფორმისტი თუ უბრალოდ ბედნიერი მოქალაქე?
ვინ არ იცის, რომ საბჭოთა ადამიანის ფორმირება იწყებოდა საბჭოთა რიტუალებით, რომელიც ბევრს დღესაც უწყინარი ფორმალობა ჰგონია. რეჟიმის მმართველებმა კარგად იცოდნენ, რა მომაკვდინებელი ზეგავლენა აქვს ცნობიერებაზე უცხო იდეებისა და სიცრუის ძალადობრივ თავსმოხვევასა და აღიარებას. სწორედ ამით იწყებდნენ ისინი საბჭოთა ადამიანის ჩამოყალიბებას; ადრეულ ასაკში ჯერ „ოქტომბრელად“ ნათლავდნენ, ლენინისა და პარტიის ერთგულების შეუგნებელ ფიცს ადებინებდნენ და მკერდზე ჯალათი ბელადის ბავშვობის ფოტოს აკრავდნენ, მერე „პიონერებში“ იღებდნენ. პიონერის ყელსახვევი, რომელიც ყველა ჩვენგანს ეკეთა ყელზე, იმ უდანაშაულო ადამიანთა სისხლის სიმბოლო გახლდათ, რომლებიც ოქტომბრის სისხლიან გადატრიალებასა და მის შემდგომ სისხლიან ტერორს ემსხვერპლნენ. მისი ტარებით ყველა მოსწავლე გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ამ სისხლში თავის თანამონაწილეობას ამტკიცებდა. ბოლო კლასებში ყველა პიონერი ვალდებული იყო, კომკავშირელი გამხდარიყო და მკერდი ისევ ლენინის სურათით დაემშვენებინა. ალბათ ცოტას თუ აქვს გააზრებული, თუ რას ნიშნავდა საბჭოთა აღლუმებზე მარშით ჩავლა და „დიდებას“ დაქუხება. ამით ყველა მონაწილე ერთის მხრივ, გამოხატავდა ოქტომბრის სისხლიანი რევოლუციისა და მისი შედეგების (რომელშიც საქართველოს ძალისმიერი გასაბჭოებაც შედიოდა), ასევე ამ მოვლენების მასაზრდოებელი კომუნისტური ათეისტური იდეოლოგიის სრულ თანხმობას და მეტიც, ადიდებდა მას, მეორე მხრივ კი, ეგუებოდა მისთვის მიუღებელი ფასეულობების ქების შესხმას. ეს იყო სულიერი პროსტიტუცია, რომელმაც საბჭოთა მოქალაქეში ორმაგი სტანდარტების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი და მიუღებელი რეალობის მიღებას შეაჩვია.

ახალი ტიპის ადამიანის ფორმირებაში  არანაკლები წვლილი შეჰქონდა განათლების სისტემას, რომელიც, ერთი მხრივ, ხელშეუხებელი და „ტუალეტში არმოსიარულე“ მასწავლებლის ავტორიტეტზე, მეორე მხრივ კი – მკაცრად იდეოლოგიზირებული და „მავნე მინარევებისგან განთავისუფლებული“ ინფორმაციის დაზეპირებაზე იდგა. კრიტიკა და მსჯელობა, დისკუსია და საკუთარი მოსაზრებების გამოთქმა სწავლების მეთოდოლოგიიდან მთლიანად იყო ამოღებული.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ( ტელევიზია და პრესა) ძირითადად დიადი ქვეყნის აღმშენებლობას აშუქებდა და ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებას ( ისეთისაც კი, როგორიცაა მიწისძვრები) ყველანაირად ერიდებოდა, რამაც გვიან საბჭოთა ადამიანს მოვლენათა ოფიციალური ვერსიების  მიმართ უნდობლობა გაუჩინა. მან იცოდა, რომ სიმართლე ის კი არ იყო, რასაც ტელევიზორში აცხადებდნენ, არამედ რაღაც სხვა, რომელსაც ვერასოდეს გაიგებდა. სიმართლის მიუწვდომლობის განცდასთან შეგუებამ თანდათანობით გაზარდა ჩურჩულით მიწოდებული ყურმოკრული ამბების მიმართ სანდოობა და სინამდვილის დადგენის წყურვილის სრული ატროფია. ყველამ იცოდა, რომ სინამდვილეზე უბრალო მოკვდავთაგან ხელი არავის მიუწვდებოდა. რეალობასთან ამ უცნაური დამოკიდებულებების გაღრმავებას ხელს უწყობდა საბჭოთა ხელოვნებაც. ხელმძღვანელი ორგანოების მიერ ნაწყალობევი „დაჩებითა“ და „პუწიოვკებით“ თავმოქონილი კულტმუშაკები ქმნიდნენ და ქმნიდნენ ნაწარმოებებს, რომლებშიც ისევ და ისევ ცერად დანახული რეალობა ტივტივებდა – სიმართლე, ოღონდ სანახევროდ, ისიც შეფარვით მოწოდებული და ბუნდოვანებით მოცული.

ბუნდოვანი იყო ამგვარად აღზრდილი და გამოზრდილი მოქალაქის მსოფლაღქმა და შეხედულებები. მას არასდროს ჰქონდა მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია, ვერ ხედავდა საკუთარ პასუხისმგებლობას და სიმართლეს თვალებში არასდროს უყურებდა, რადგან რეალური ყოფისთვის თვალის გასწორება არ იყო ადვილი.  მისი მატერიალური ყოფა მთლიანად სახელმწიფოზე იყო მიბმული, რომელიც ფხიზელი თვალით აკონტროლებდა მის სიტყვასა და საქმეს, არ ჰქონდა არც არჩევნის, არც სიტყვის, არც სინდისის და არც გადაადგილების  თავისუფლება. მის ცნობიერებას დამღად ედო ტუსაღობის იდუმალი შეგრძნება, იცოდა, რომ ის იყო საბჭოთა კავშირის პატიმარი, მის ტვინს ზღუდავდა უხილავი ჯებირი, რომელიც სახელმწიფო საზღვარზე ბევრად უკეთ იყო დაცული.
ამ ცნობიერების გაჯანსაღებასა და განახლებას აუცილებლად სჭირდება ძველის გაანალიზება,წარსულის ამოქექვა, შესწავლა და გააზრება. ტყუილსმიჩვეული ტვინისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია სამართლესთან ზიარება. დღეს კი სრულიად საპირისპირო სურათს ვხედავთ: ამ საკითხისადმი საზოგადოების სრულ იდიფერენტულობას, მეტიც ისტორიის სწორად გააზრების მაგივრად მასებში მის იდეალიზირებას ვაწყდებით (სად აღარ გაიგონებ კომუნისტური წარსულის ქებასა და ნატვრას, ასე მგონია, თვით საბჭოთა პერიოდშიც კი მეტი იყო წყობისადმი კრიტიკული დამოკიდებულება, ვიდრე ახლა). არა და არ მიიღეს ლუსრტაციის კანონი. შთაბეჭდილება მრჩება, რომ შეულახავი ავტორიტეტების შელახვასა და განაწყენებას უფრთხოდნენ, ჩვენი კინემატოგრაფი „მონანიებით“ დაკმაყოფილდა და მას შემდეგ ამ თემას აღარც შეხებია, მწერლობა ჩუმადაა, თითქოს საბჭოთა წარსული არც არსებულა, ეკლესიაზე აღარაფერს ვიტყვი, ისეთი საარაკო დუმილით დუმან.  ვერაფერს იტყვი,შესაშური გულმავიწყობაა, თუმცა  ამ გულმავიწყობას, რათქმაუნდა,  თავისი მიზეზები აქვს.
ჩემი აზრით, პირველი ისაა, რომ საბჭოეთმა თვითლიკვიდაცია გამოაცხადა, ის არ დაუმარცხებიათ, როგორც ფაშიზმი, ამიტომ განმსჯელი არავინ ჰყავდა. ზედა ეშელონებში წინასწარ იგრძნეს ეკონომიკური და იდეოლოგიური კრახის მოსალოდნელი საფრთხე, კარგად გათვალეს, რომ ქვემოდან ამოტრიალების შემთხვევაში ფაშისტების ბედის გაზიარება თუ არა, გავლენის სფეროების სრული დაკარგვა მაინც ელოდათ და ამიტომ ჭკუა იხმარეს, ზემოდან მოტრიალება არჩიეს, ქამელეონივით იცვალეს ფერი, თავადვე აღიარეს კომუნისტური იდეის კრახი და სახე და ორიენტაციაცვლილები კვლავ სათავეში მოგვევლინენ. მართალია, საქართველოში საბჭოეთის ნგრევა სხვაგვარად წარიმართა, მაგრამ შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა საერთოპოსტსაბჭოური ვითარება მალევე დააბრუნა. დამარცხებული კომუნისტი ბობოლების, წითელი ინტელიგენციისა და შავი სამყაროს ნაზავი, რაღა თქმა უნდა, რუსეთის აქტიური ხელშეწყობითა და თანადგომით ისევ ქვეყნის სათავეში მოექცა. მართვის სადავეები ხელში ჩაიგდო სწორედ ამ სამი, როგორც ნათლად გამოჩნდა, ერთმანეთისგან განუყოფელი, ერთმანერთზე დამოკიდებული და ერთმანეთთან შეხმატკბილებული სამყაროს წარმომადგენელმა : „შავი“ ჯაბა-კიტოვანის, „წითელი ინტელიგენტი“ სიგუასა და „ყოფილი“ კომუნისტი შევარდნაძის ტანდემმა, რომლის დაშლის შემდეგაც გამარჯვება, რა თქმა უნდა, შევარდნაძეს ერგო. ხელისუფლებაში დაბრუნებულმა ძველმა კომუნისტმა კი ისევ ძველ მეგობრებს დაუნაწილა გავლენის სფეროები. ხოლო ძველი კადრის გავლენის შენარჩუნებამ სახელისუფლებო, კულტურულ და სასულიერო სფეროებში მნიშვნელოვნად განსაზღვრა საბჭოთა ისტორიის მიჩქმალვის ტენდენცია. აბა მათგან ვინ დაიწყებდა საკუთარი დანაშულებრივი წარსულის ამოქექვას , თანაც ბურთიც ისევ მათ დარჩათ და მოედანიც.ამიტომაც ისტორიას (ძველსაც და ახალსაც) მიწა მიაყარეს და ახალი ქვეყნის შენება თავიდან დაიწყეს.

მეორე, უფრო ღრმა მიზეზი, რომელმაც მთელი მაშინდელი საზოგადოების წარსულისადმი უინტერესო დამოკიდებულება განსაზღვრა, ვფიქრობ, იყო ახლადგაჩენილი შიში წარსულის გაანალიზებისა, გამოაშკარავებისა, შიში საკუთარი დანაშაულისა თუ საკუთარი უსუსურობის აღიარებისა. კომუნისტურ რეჟიმში დაბადებული და გამოზრდილი თითქმის ყველა ადამიანი მეტნაკლებად გასვრილი იყო კომუნისტური ტალახით, მეტნაკლებად ნაპატივები საბჭოთა წყობით ან მეტნაკლებად დამუნჯებული და თავმოკანტურე.მათ  იქ არაფერი ეგულებოდათ  საამაყო და სახარბიელო. პირიქით, თუკი მთელი სიგრძე-სიგანით გაიაზრებდნენ, სად და როგორ ცხოვრობდნენ, ბევრს დისკომფორტს შეუქმნიდა, რადგან თუ უშუალოდ არ ემსახურებოდნენ, უსიტყვოდ ხომ მაინც ეთანხმებოდნენ  უსამართლობისა და ტირანიის ზეიმს. თუკი საბჭოური ყოფის მთელი სინამდვილე ამოტივტივდებოდა, იმის აღიარება მოუწევდათ, რომ ყველანი უსუსური კონფორმისტები იყვნენ და მთელი ცხოვრება მათთვის მიუღებელ ფასეულობებს ემსახურებოდნენ (თუ ეს ფასეულობები მისაღებად მიაჩნდათ, ხომ მით უარესი). და მართლაც, აბა რა გასაკვირია, რომ ყოფილ საბჭოელებს მტკივნეული წარსულის გახსენება, შესწავლა და მითუმეტეს მთელი ერის სამსჯავროზე გამოტანა არაფერში სჭირდებოდათ.

მესამე  მიზეზი თავისუფალი მსჯელობის და კრიტიკული აზროვნების დეფიციტია. საბჭოთა სკოლებში აღზრდილმა თაობებმა შტამპებით აზროვნება ვერ დაძლიეს. პოსტსაბჭოთა ადამიანების უმეტესობას არ გააჩნია თავისუფალი განსჯა, მეტიც, თითქოს ეშინია კიდეც მისი, პრინციპულად ეწინააღმდეგება მას. თითქოს ისე გაუტკბაო მზამზარეული აზრების ტყვეობა, რომ საკუთარის ქონა უპატიებელ, მიუწვდომელ სითამამედ ეჩვენება. ამიტომ დღესაც შიშით შესცქერის ნებისმიერ თამამ მსჯელობას ტაბუდადებულ თემებზე, აღიზიანებს კრიტიკული დამოკიდებულება საყოველთაოდ აღიარებული ავტოტიტეტებისადმი და მას ანტიეროვნულობად თუ ანტიეკლესიურობად ნათლავს, ეწინააღმდეგება ნებისმიერ თავისუფალ მიდგომას. ეს იმის მანიშნებელია, რომ ძველი მარწუხები ისევ ადგილზეა. აზროვნება ისევ ტყვეობაში რჩება. წარსულის პირუთვნელი გამოძიება კი თავისუფალი აზროვნების გარეშე წარმოუდგენელია.

ჩვენს წინაშე თითქოს ჩაკეტილი წრეა, საბჭოელი ჩვენში ხელს უშლის სინამდვილის გამოძიებას და სინამდვილის გამოუძიებლობა კი ხელუხლებლად ტოვებს საბჭოელს ჩვენში. გუშინდელი სიმართლის უქონლობა დღევანდელი სიმართლის დანახვას ეღობება წინ. სიმართლის შიში საბჭოეთის მემკვიდრეობაა და ამ მემკვიდრეობაზე უარის თქმა დღევანდელობის გამოწვევაა, ამ შიშის დაძლევის გარეშე ჩვენ ისევ და ისევ ვიტრიალებთ წრეზე, ვერ შევქმნით სიცოცხლისუნარიან სამოქალაქო საზოგადოებას, რადგან თავისუფალი ქვეყნის მოსახლეობა თავისუფალ მოქალაქეთა ერთობად ვერ ჩამოყალიბდება, თუკი  კარადაში ისევ დამალული ექნება საბჭოთა მოქალაქის ჩონჩხი.

ავტორი – რუსიკო კობახიძე

 

postpoll

noimg

920 Hamilton St. Wausau WI 54403, USA
Email: info@society.ge