noimg 14469115_611455275693199_376538855_n

კურტიზან კაცთა ბრწყინვალება და სიღატაკე

Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

„მაგრამ ქართველნო, სად არის გმირი,

                                                               რომელსაც ვეძებ, რომლისთვისც ვსტირი?

                                                               იგი აღარ გყავთ… მის მოედანი

                                                               ჯაგით აღვსილა, ვერანად ქმნილა,

                                                               გმირის დამბადი დიდი საგანი

                                                               თქვენში სპობილა და წარწყმედილა“

                                                               ი. ჭავჭავაძე, “აჩრდილი“

„მთავრობას ღრმად უნდა ჰქონდეს შეგნებული, რომ იგი დღეს ჰქმნის სახელმწიფოს, რომ სათავეში უდგია სახელმწიფოს, რომ მისი მოღვაწეობა სახელმწიფოებრივია. თუ ამდენ ხანს ჩვენ პარტიული მოღვაწენი ვიყავით, თუ დღემდის ჩვენი წრე პარტია იყო, რომელიც ყოველს შემთხვევაში თავისუფალი ორგანიზაციაა, სადაც მუშაობა მეტწილად თავისუფალ ნებაყოფლობაზეა დამყარებული, ამიერიდან უნდა გვახსოვდეს, რომ სახელმწიფოსთან გვაქვს საქმე, რომლის დამახასიათებელი თვისებაა კანონი, იძულებითი დამორჩილება. სახელმწიფო მკაცრი და ულმობელი ორგანიზაციაა, შეუბრალებელი და მოითხოვს მორჩილებას და უდიდეს დისციპლინას. რომაელები იტყოდნენ, კანონი სასტიკია, მაგრამ იგი კანონიაო. დემოკრატიულ სახელმწიფოში კანონი უმრავლესობის ნებისყოფის გამომხატველია, მთელი ხალხი იღებს მონაწილეობას მის შემუშავებაში, მაგრამ რაკი იგი უკვე კანონია, მისი დარღვევა, არდამორჩილება შეუწყნარებელია და სახელმწიფოში ადგილი არ უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს კანონის ურჩს. სახელმწიფოს შეიძლება ვინმემ ნაკლი გამოუნახოს, მაგრამ დღეს დღეობით იგი საუკეთესო ფორმაა საზოგადოებრივი განვითარებისა და მისი არსება უნდა იქნეს მტკიცე და შეურყეველი“.

                 სამსონ ფირცხალავას სიტყვა, წარმოთქმული ეროვნული საბჭოს კრებაზე 1918 წ. ივნისში.

 

ჩაცუცქულ ბიჭებზე ერთხელ ტელეეთერში მოსმენილი ფრაზა მეხსიერებაში ჩამრჩა: „კანონს ყოველთვის არღვევდა ქართველი კაცი  და გადარჩება, თუ ამ კანონს დაარღვევს“. ეს ერთი კონკრეტული ქალბატონის კერძო აზრი არ ყოფილა. ეს იყო გვიან საბჭოეთში ჩამოყალიბებული დამოკიდებულებებისა და ღირებულებების გახმოვანება, უბნის  “ბირჟაზე“ მუდმივად გამაგრებული ძველბჭობის ჰეროიზაცია. ეს ჰეროიზაცია ემყარებოდა მითს, რომ ეს ტიპები კანონს არად დაგიდევდნენ. ისინი მხოლოდ ერთ ავტორიტეტს სცნობდნენ – კანონიერ ქურდს, რომელსაც ქუჩის კანონების მიხედვით ნებისმიერი საკამათო საქმის გარჩევა და “სამართლიანი” გადაწყვეტილებების გამოტანა შეეძლო. უბნის კოლორიტებზე შეყვარებული (ან მათი ვაჟკაცური მიხვრა-მოხვრით აღფრთოვანებული) გოგონები თავად ქურდებს არ იცნობდნენ. მათ მკაცრ, მაგრამ „სპრავედლივი“ ხელზე და განათლებულობაზე მხოლოდ გადმოცემით იცოდნენ თაყვანისცემის ობიექტების მონათხრობიდან. ქურდი საბჭოთა კანონებს არ სცნობდა და საკუთარი „სამართალი“ ჰქონდა. მისი ავტორიტეტი არაერთი „საგმირო“ საქმით იყო გამყარებული და საყოველთაო ჩმორული არსებობის ფონზე საბჭოთა სისტემისადმი შეურიგებელი მეამბოხის მანტიას ღირსეულად ატარებდა.

ნებისმიერი საზოგადოება ირჩევს თავის გმირებს. გმირის ფენომენი ხელს უწყობს იდეოლოგიის ჩამოყალიბებასა და გამყარებას. გმირი ყოველთვის აღმატებულია თავის თანამედროვე ჩვეულებრივ ადამიანებზე, რომლებსაც მხნეობა და თავდადება არ ჰყოფნით, იდეალებისთვის თავი გასწირონ, ან წინააღმდეგობა მაინც გაუწიონ მიმდინარე ძალადობრივ ფონს, იქნება ეს ჩაგვრა, თავდასხმა, უსამართლობა თუ უმსგავსო რუტინული ყოფა. ყველა ეპოქას ჰყავს თავისი გმირი,  რომელსაც ჩვეულებრივ ადამიანთა მასები ეთაყვანებიან და ბაძავენ.

ქართველ ერს გმირები არ აკლდა, თუმცა საბჭოთა რეალობა რაინდული ჰეროიზმის საშუალებას უკვე აღარ იძლეოდა. საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლთა სახელები საგულდაგულოდ იყო მიჩქმალული, პროპაგანდით მოწოდებულ პავლიკ მოროზოვისა და ჭიჭიკო ბენდელიანის სახეებს კი იდეოლოგიის კრახმა დიდებულება დაუკარგა.  გმირის ადგილი დაცარიელდა და ის მართალია არცთუ დიდად სახარბიელო რეპუტაციის ქურდისა და მასთან დაკავშირებულმა  „კაიბიჭების“ კოჰორტამ შეავსო, რომელიც გარკვეულ ფენებში მხარდაჭერით მანამდეც სარგებლობდა.

შავი სამყაროს ჰეროიზაცია გარდასულ ეპოქათა “კეთილი ყაჩაღის“ სახეზე აღმოცენდა. დასავლური კულტურის განგსტერებმა რობინ ჰუდებისა და ზოროების ნიღაბი მოირგეს და უსამართლობასთან მებრძოლი რაინდების სტატუსის მოპოვება მოინდომეს, ქართველი „შავის“ ტიპაჟი კი არსენა ოძელაშვილისა და კაკო ყაჩაღის, ხარებასა და გოგიას სახეებთან ასოცირებას ცდილობდა. თუმცა მარტოსული აბრაგისგან განსხვავებით მათ გაცილებით დიდი პრეტენზიები ჰქონდათ. შავი სამყაროს მაშტაბები გაცდა ერთეული სოფლების მხარდაჭერისა და ტყეებში გამაგრებული პატარა რაზმების მოქმედების სარბიელს. საბჭოთა ქურდი დასავლელი განგსტერის მსგავსად სისტემად ჩამოყალიბდა და ქუჩის კონტროლირება დაიწყო. ქურდი ძალაუფლებას ფლობდა და ამ ძალაუფლებას ქუჩის „შავებს“ უნაწილებდა, ისინი კი თავის მხრივ – უბნის ძველბიჭობას, უბნის ძველბიჭობა – სკოლის „მაყურებლებს“ და ასე იქმნებოდა ქსელი, რომლის კანონებს ნებისმიერი „დაუკრიშავი“ ეწირებოდა. მართალია, ესეც ჩაგვრა იყო, ჯიბეების ამოტრიალებისა და  წილების მიტანის უსიამოვნო გრძნობის სოუსით, მაგრამ საბჭოთა სისტემის წინ მორბენალი კვიცის სტატუსი მაინც პატივისცემის სენსიტიურობას ბადებდა. ეს პარადოქსულობა ზოგადად დამახასიათებელი იყო საბჭოთა ადამიანის განწყობებისთვის. ის გაორებული ყოფა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით, ორმაგ სტანდარტებში ამყოფებდა თითოეულ მოქალაქეს და ურთიერთგამომრიცხავ განწყობებს ქმნიდა. მას თან სძულდა და თან თბილად ყუჩობდა, თან დასცინოდა და თან ტაშს უკრავდა, თან  წუწუნებდა და თან ელაქუცებოდა. ასე ეკიდებოდა შავ სამყაროსაც: ბოღმა და ამრეზა მოწიწებისა და ემოციური სოლიდარობის განცდას ერწყმოდა,  თუმცა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ეს უკანასკნელი უფრო დიდხანს გაჰყვა.

14442778_611060082399385_2007909191_nამ ისტორიაში კი ყველაზე ტრაგიკული ისაა, რომ სინამდვილეში ეს „გმირები“ სულაც არ იყვნენ ისეთი უკომპრომისო გმირები, როგორადაც თავს წარმოაჩენდნენ. მახსენდება ფრაზა ფილმიდან „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“: „ ეს ქალები სულაც არა არიან ქალები, იგივე სიფათები აქვთ და იგივე ინსტრუმენტები“. საბჭოთა გულაგების სამართავად სწორედ კანონიერი ქურდები გამოიყენა დიდმა ბელადმა, რადგან მილიონობით გადასახლებულის კონტროლი სჭირდებოდა.  ამ დროიდან იწყება ამ ინსტიტუტის აღმავლობა. როგორც ცნობილია, ქურდად „კურთხევის“ შემდეგ ისინი უარს ამბობდნენ საბჭოთა ჯარში სამსახურზე, შექმნეს საკუთარი ბიუჯეტი, რომელსაც „ქურდული ობშიაკი“ ეწოდებოდა, საკუთარი კანონმდებლობა, რომლის გადახვევა უმკაცრესად ისჯებოდა. და ეს ყველაფერი დაუსჯელი რჩებოდა იმ ქვეყანაში, სადაც ადამიანებს საკუთარი ჩრდილისაც კი ეშინოდათ. საბჭოთა მილიციასთან და საიდუმლო ორგანოებთან მათი კავშირები საკმაოდ მჭიდრო  იყო. ზედა ეშელონის „რამკიანები“ უშიშროების სამსახურებთან უჩუმრად თანამშრომლობდნენ, ისე, რომ ამის შესახებ ქვედა ეშელონის წვრილფეხობამ არაფერი იცოდა. ეს კავშირები საგულდაგულოდ იყო დამალული, რათა ქუჩის ბიჭებს საკუთარი თავი უკომპრომისო, სამართლიან  და სისტემისადმი შეუგუებელ სეგმენტად წარმოედგინათ, წითელი კანონების ნაცვლად საკუთარი გაგება გაეხადათ კერპად და მორალური უპირატესობის განცდითა და დაუფარავი ქედმაღლობით ეცქირათ ჩვეულებრივი მოკვდავებისათვის, რომლებიც ცხვრის ფარასავით თავჩაქინდრული მიჰყვებოდნენ დადგენილ კალაპოტს. ჩვენს თაობას კარგად ახსოვს, როგორ შეხმატკბილებულად აბრუნებდნენ ქურდები და მილიცია მოპარულ ნივთებსა თუ მანქანებს, რაღა თქმა უნდა, გვარიანი გასამრჯელოს ფასად. მიუხედავად იმისა, რომ ქურდები ანტისაბჭოთა განწყობას იჩემებდნენ, არავის სმენია მათი ანტისაბჭოთა გამოსვლები, ან პოლიტპატიმართა მიმართ სოლიდარობის გამოხატვა, რადგან აკრძალულ მესერს ისინი არასდროს ეჯახებოდნენ, პირიქით, შვილებსაც კი უნათლავდნენ ცეკას მდივნებს და სუფრებსაც უმშვენებდნენ ხოლმე, „ხელი ხელს ბანს“ პრინციპით ერთად აგვარებდნენ კიდეც საქმეებს, თუმცა ეს „ჩაბრატება“ რატომღაც საზოგადოებაში არანაირ ეჭვსა და მითუმეტეს პროტესტს არ აღძრავდა. საბჭოეთში ხომ ყველანაირი გარიგება „მოსული პონტი“ იყო.

პოსტსაბჭოთა საქართველოში ეს ინსტიტუტი ხელუხლებლად გადმოვიდა. მართალია, ჩვენი დროის გმირებს საძულველი სისტემის კანონების უგულებელყოფა აღარ ედგათ ნიმბად, მაგრამ პოლიტიკურ პროცესებში აქტიურმა ჩართულობამ გავლენები და ძალაუფლება შემატათ კიდეც. პრეზიდენტ გამსახურდიას წინააღმდეგ შეუპოვარი ბრძოლის დამსახურებებისათვის შევარდნაძის პერიოდის სახელისუფლებო შტოებთან უკვე აშკარა ჩახუტებამ თითქმის შეუზღუდავი  მმართველობის სადავეები მისცა ხელში. ქუჩაზე კონტროლს ბიზნესზე კონტროლიც დაემატა და ქურდი თავის ამფსონებიანად მეორე ხელისუფლებად იქცა. ამ ძალაუფლებამ, ცოტა არ იყოს, გმირის ავტორიტეტი შეარყია, მაგრამ უგმირო ქვეყანაში სხვა რაღა ჩარა იყო და მათი კაიბიჭობაც ისევ „მოსულ პონტად“ გაფორმდა.

მაგრამ ბოლობოლო შავებსაც დაუდგათ შავი დღეები. თავსდამტყდარმა „რეჟიმმა“ ჩვენი დროის გმირები  ციხეში გამოკეტა,  „ობშიაკიც“ მოუსპო და ციხიდან ქუჩის მართვის საცეცებიც ულმობელად მოაწყვიტა. სხვათა ღირსების შელახვას ჩვეულებს ღირსება თავად შეულახეს და  ნებსით თუ უნებლიეთ ნებასმიშვებული თავგასული ბადრაგის თავშიწამოსარტყმელ თუ თავშიჩასარტყმელ ლაჩრებად აქციეს. დაითრგუნა ქართველი კაი ბიჭის ამაყი და კანონზე მაღლა მდგომი სული.

 

ვფიქრობ, სულაც არ იყო შემთხვევითი, რომ „რეჟიმის“ პირსისხლიანობის დასამტკიცებლად და მასთან ხალხის მასების ბრძოლის პათოსის მოსამატებლად სწორედ ამ სამყაროს მიმართ სენსიტიურობა იქნა გამოყენებული. ჩვენი საზოგადოების საკმაოდ მოზრდილი ნაწილის გამრუდებული მენტალობა, რომელიც სიყმაწვილის შავ-თეთრ კადრებს ვერ ელევა, საბჭოური ცხოვრების წესის მონატრებით იკვებება და სამეგობროსთან საურთიერთო პოტენციალს დღემდე ბავშვობის მოგონებებით ინარჩუნებს, მზად არ აღმოჩნდა ძველი გმირის უარსაყოფად და მისი უფლებების დასაცავად შეიმართა. კრიმინალთან გამძაფრებულმა ბრძოლამ იმ გმირის ღირსება შეიწირა, პოსტსაბჭოთა ქართველს თავის ერთდროულად სანატრელ და საძულველ წარსულში ქართული უტეხი სულის ერთდერთ ნაპერწკლად რომ მიაჩნდა, ჯანყის ერთადერთ გამოვლინებად. ძნელი შესაგუებელი აღმოჩნდა, რომ კანონი გმირზე მაღლა დადგა.

ასე დაიწყო ჯანყი დაკარგული ღირსების დასაბრუნებლად და იუსტიციის სახლთან „რეჟიმის მსხვერპლთა“ მემორიალის დადგმით დასრულდა. მაგრამ  გმირის ღირსებას აღდგენა არა და არ ეღირსა. ის სადღაც შურისგების უუნარობაში ჩაიკარგა და ბოლოს გმირთა ვარამის ნაცვლად კურტიზანი კაცების ბრწყინვალების დაკარგვის მრავალსერიან კიჩად გაფორმდა. „26000 გაუპატიურებული ვაჟკაცის“ მითში მან საბოლოოდ იპოვა თავისი ნამდვილი სახე –კურტიზანი, რომლის გარეგნული ბრწყინვალების ქვეშ სრულიად ბანალური ჩმორის სიღატაკე იმალება.

ჩვენი დროის გმირის მიმართ სენსიტიური დამოკიდებულება საბჭოთა სისტემის ჯერჯერობით დაუძლეველი მენტალური მანკიერების პირმშოა. ეს გაუცნობიერებელი, გაუაზრებელი და ამიტომაც შეუფასებელი მიდგომები და ღირებულებები ჯერაც განაპირობებს პოლიტიკური ამინდის ცვლილებებს საქართველოში, აადვილებს  ემოციური და ბუნდოვანი მესიჯებით საზოგადოების მანიპულირებას და გაუცნობიერებელი სოლიდარობის განცდას იწვევს. საზოგადოების ერთი ნაწილი ჯერაც ვერ გამოსულა „ადამიანის უფლებათა დარღვევის“ აწ უკვე ყბადაღებული ლოზუნგის ტყვეობიდან, რომელშიც  რატომღაც მხოლოდ კრიმინალთა ღირსების დაცვა იგულისხმება, შთაბეჭდილება რჩება, რომ ისინი თავიანთ ღირსებას სწორედ ამ გმირთა ღირსებაზე მიბმულად მოიაზრებენ. ამის დასტურად მათ ემოციურ-სასიყვარულო სახელი – „ბიჭები“ შეარქვეს.  რატომღაც არავინ ეხება იმ ადამიანთა ღირსებასა და უფლებებს, რომლებიც „ბიჭებმა“ დააზიანეს, მოკლეს, დააყაჩაღეს, დაჩაგრეს, ან აბუჩად აიგდეს. პროტესტის მუხტი დღეს უკვე ჩამქრალია. აწ უკვე ამინისტირებული და გაპოლიტპატიმრებული „ბიჭების“ დანაშაულების საქმეები მშვიდად ელოდება გამოძიებებს, ან არც ელოდება. პროკურატურის ვერსიები სრულიად დამაჯერებელი გახდა. იქნებ იმიტომ, რომ დღეს „ბიჭების“ უფლებები დაცულია?

დღევანდელი ხელისუფლების მიღწევად სწორედ ციხეებში პატიმრების უფლებების დაცვა სახელდება, რომელიც პირდაპირ აისახა უბრალო მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე: ქუჩაში მკვლელობების, ბანკების დაყაჩაღების (ხან დღეში ორისაც კი), ძარცვის და ქურდული საქმის გარჩევების ფაქტები ლამის ყოველდღიურობა გახდა. მიუხედავად ამისა, „მთელითბილისი“ მაინც მადლიერია – ბიჭებს ციხეში აღარავინ ერჩის.

ვფიქრობ, ამ პარადოქსულ სურათს ჩვენი არაცნობიერი ხატავს. კარლ გუსტავს თუ დავუჯერებთ, ის ბნელი კაცი, რომელიც ჩვენი არაცნობიერის მეპატრონეა, რაც შეიძლება ახლოს უნდა გავიცნოთ, რათა მის მიერ ნაკარნახევი და მოწოდებული აზრებისა და განწყობების ტყვეობაში არ ჩავრჩეთ, ამისთვის კი მესხიერების თეთრი ლაქების ამოვსებაა საჭირო,  ტვინისა და სინდისის გამუდმებული ჭყლეტა, ძველი ფასეულობების ძირისძირობამდე ჩხრეკა და გადარჩევა. ასე თუ შეიკვრება ორად გახლეჩილი სარკე, რომელშიც ადვილი დასანახი იქნება რეალური სურათი, მათ შორის ჩვენი ბავშვობის მახინჯი ჰეროფილია -კურტიზან კაცთა ბრწყინვალება და სიღატაკე.

ავტორი რუსიკო კობახიძე

postpoll

noimg

920 Hamilton St. Wausau WI 54403, USA
Email: info@society.ge