noimg IMG_3914 (2)

უპირო დაპირებები

Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

არაფერი ასე ზუსტად არ ასახავს მთავრობის შეხედულებას საკუთარ მოსახლეობაზე, როგორც ოცნების საარჩევნო ვიზუალი. არც დიზაინერებს მოუკლავთ თავი იდეებით შეთავაზებით, რომ არაფერი ვთქვათ თავად ტექსტების შემდგენელებზე.

საარჩევნო კამპანიის დასაწყისისთვის „ოცნების“ ტოპ-სახეებმა იმდენად შეირცხვინეს თავი ყველა შესაძლო მიმართულებით, რომ მათ მეპატრონესაც კი გაუჩნდა აზრი,  ეს მარიონეტები გამოეცვალა ცოტა ახლებით.

ხოდა მიდგნენ-მოდგნენ, ჯერ კიდევ შემორჩენილ ქოც-ოჯახებში ახალგაზრდები მოიკითხეს, ეგებ ვინმემ სადმე ისწავლა ამასობაში და ზაფხულისთვის „ინგლისურის და კომპიუტერის მცოდნე“ ოცეული (თუ თხუთეტნი იყვნენ?) ჩაამწკრივეს სცენაზე.

გავიდა ერთი თვე. ვის ახსოვს ერთის სახელი მაინც? და სახე? სადმე საარჩევნო შეხვედრაზე ხომ არ დაგინახავთ ეს ხალხი ჩავლილი ან ავლილი?

მარტივია – ისინი უსახური სახეები არიან და ჩვენ მათ ვერ ვიმახსოვრებთ. და ვერც ვერასდროს დავიმახსოვრებთ. იმიტომ კი არა, რომ ასეთი უვარგისები და თავისთავად უმაქნისები არიან, – ასეთი უსახური ფუნქცია მათ მეპატრონემ მიანიჭა.

და აჭრელდა წინასაარჩევნო თბილისი „უპირო“ დაპირებების ბანერებით. სადაც შემკვეთზე ზოგადი სიტყვების გვერდით განთავსებული 41 და ლურჯი ფონი თუ მიანიშნებს.

არ იფიქროთ, ოცნების პიარის გუნდს ვუწუნებდე რამეს. ეს არაფრისმთქმელი ბანერები ზედმიწევნით ზუსტად ასახავს საარჩევნო გარემოს. „ოცნების“ აზრით მათი მიმზიდველობა მაინც იმ ერთ ადამიანშია, რომელიც კენჭსაც კი არ იყრის.

დღეს ბრძოლა და კონკურენცია არა ადამიანებს, პროგრამებს ან ღირებულებებს შორისაა, ის უბრალოდ ჩვენშია:  შევძლებთ თუ არა ჩვენი შეცდომების აღიარებას თუ ვერ. იმისდა მიუხედავად რა შემოვხაზეთ 2012-ში და რას ვაკეთებდით ან არ ვაკეთებდით იმ დროს, ყველას გვაკისრია ჩვენი წილი პასუხისმგებლობა დღევანდელ სახელმწიფოებრივ კატასტროფაზე. არჩევანი ძალიან მარტივია.

ლანა ღვინჯილია

postpoll

noimg

920 Hamilton St. Wausau WI 54403, USA
Email: info@society.ge