noimg про

რუსულ-საბჭოური პროპაგანდა და „რბილი ძალა“

Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

„კაცი, რომელიც ქვეყნისგან განდგება, მისი გაგების შესაძლებლობას შეიძენს“ – წერდა ფრანგი მწერალი პოლ ვალერი. ქვეყნისაგან განდგომაში, ის მთაში გახიზვნას ან ემიგრაციიდან სამშობლოს ცქერას კი არ გულისხმობდა, არამედ შეძლებას გათავისუფლდე სუბიექტურობისგან შენის მიმართებაში და გახდე შორიდან მჭვრეტელი ვითარებისა და არსისა: რა ხარ, რისი მონაწილე ხარ და რას წარმოადგენ სხვათა ერთობაში. მე, ჩემი მხრივ, ვეცდები განვდგე ქვეყნისგან, დავთმო სენტიმენტები და ცივი გონებით გავაანალიზო საკითხი, რომელსაც, ჩვეულებრივ ვითარებაში, აღელვების გარეშე ფიქრებშიც კი ვერ ვეხები.

საბჭოთა წარსულის ზოგადი გაანალიზებისას გზად ვხვდებით უამრავ ისტორიულ, დადასტურებულ თუ დაუდასტურებელ, ფაქტსა და მოვლენას, პატარა ეწიუდებსა და ჩანახატებს ადამიანთა ცხოვრებიდან, რომლებიც გვიხატავენ იმპრესიულ სურათს თავისუფლებაზე, თავისუფლების, როგორც მდგომარეობის, ადამიანთან კავშირსა და მის ფასზე.

ძნელია გაიაზრო წარსული კომუნიზმის ისტორია და არ დაგებადოს კითხვა: „როგორ?“… როგორ მოხდა, რომ ხალხები, ლამის ასწლეულის განმავლობაში, ცხოვრობდნენ შეცდომით დაწყებულ და ორგანიზებული, მასობრივი ტყუილით გაგრძელებულ სივრცეში? როგორ მოხდა, რომ ასეთმა დანაშასულებრივმა რეჟიმმა გაიდგა ფესვები ღრმად ნიადაგში, როდესაც მსოფლიო, მეცნიერებისა და განვითარების საუკუნეს, ახალ ერას შეუდგა? როგორ მოხდა, რომ სიცრუე იქცა სიმართლედ და ირეალური – რეალურად? სწორედ ამის პასუხთა წყებებს და ვარიაციებს გვთავაზობენ თანამედროვე მკვლევარები, რომლებიდანაც, საბჭოთა ხელისუფლების მოპოვების, შენარჩუნებისა და გამყარების სამ მთავარ კრიტერიუმამდე დავდივართ. ესენია: იდეა, ტერორი და პროპაგანდა. ამათგან რომელიმე ერთის გარეშე საბჭოთა „სასაფლაო“ ჩამოიშლებოდა ბევრად მოკლე ვადებში, როგორც შემდგომში  ეს მომავალმა გვიჩვენა.

ჩემი ესსეს მთავარი თემის, რუსულ-საბჭოური პროპაგანდის, უშუალო კავშირები იდეასა და ტერორთან, იძულებულს მხდის მოკლედ მაინც შევეხო ამ თემებს ჟამთასვლის ორომტრიალში.

propaghandaიდეა, როგორც ახალი ქვეყნის შექმნის ფუნდამენტი, რა თქმა უნდა, კარლ მარქსისა და მისი თანამოაზრე სოციალისტების მიერ შექმნილი უტოპიურ-იდეალისტური მომავლის ერთგვარი  კონცეფცია გახლდათ,  მშრომელ მსოფლიოს ხალხთა ერთიან თანაცხოვრებაზე. კაპიტალისტურ-ბურჟუაზიული „ნაგვის“ მართვის სადავეებიდან მოშორება მუშათა კლასის მიერ და საერთო პროლეტარული ბედნიერება ერთ გზაზე გადიოდა. ამიტომ ფილოსოფოსი გარდაუვლად მიიჩნევდა ძალადობას, ვინაიდან კარგად ესმოდა რა რთული იყო ექსპლუატატორები ნებით შელეოდნენ ძალაუფლებას. ამ იდეოლოგიის მნიშვნელობას, ახალი წესწყობილებისათვის, სახელმწიფო სახელწოდებაც ნათლად გამოხატავს – საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი (სახელწოდებაშივე იდეოლოგიური შინაარსის მქონე ისტორიაში პირველი სახელმწიფო). ეს იდეა უნდა ყოფილიყო ყველაფრის საწყისი და საშო, სახელმწიფო სახელწოდებიდან დაწყებული ახალგამოყვანილი ნამყენი ვაშლის ჯიშის სახელწოდებით დამთავრებული. ყველა აზრი, შეხედულება და გონის იმპროვიზაცია თავსებადი უნდა ყოფილიყო უზენაესის – მარქსის სიტყვის. ეს მიმართება შეეხო ყველა სფეროს, განსაკუთრებით მტკივნეულად კი ხელოვნებას და ფილოსოფიას (ყველაფერი განსხვავებულის საწყისებს). ხელოვნებას სოციალისტური რეალიზმის იძულებითი გაბატონებით, ფილოსოფიას კი უბრალოდ აზროვნებისა და სხვა შემეცნებების აკრძალვით.

ძალაუფლების განმტკიცების შემდგომი ძალადობის ეტაპი (არსებობის ბოლომდე), პერმანენტული რეპრესიები, იმ რევოლუციის გაგრძელება და თუგინდ დასაწყისიც და გამართლებაც იყო, რითაც უკვე გაბატონებული ბოლშევიკები, გეგმავდნენ პირნათლად მოეხადათ ვალი მანიფესტის წინაშე და გაეწმინდათ ახლადდაფუძნებული სახელმწიფო ხალხის მტერთაგან (რაც მილიონობით მოკლული, დახვრეტილი, თუ გადასახლებული ადამიანის მიუხედავად, ამ ქვეყნის არსებობის უკანასკნელ წუთამდეც კი ვერ შეასრულეს). ეს მდგომარეობა გახდა ქვეყნის პოლიტიკის უცვლელი თანამგზავრი და მისი ხატების განუყრელი თანმდევი. რობესპიერი დავიწყებას მიეცა.. დავიწყებას მიეცა თვით რუსეთში შობილი, ცარისტული იმპერიის ტირანი ივანე მეოთხის „მრისხანება“.. გაუგონარმა სისასტიკემ მოიცვა რუსეთი. ძველი შეცვალა ახალმა.. უფრო მძლავრმა, ულმობელმა და დახვეწილმა.

მაქსიმ გორკი, სინანულით, ორი ეპოქის კვალდაკვალ: „… მინდა აღვნიშნო, რომ რუსული სისასტიკე არ შეცვლილა …“; „… მგონია, რომ რუსი ხალხისთვის ისევე დამახასიათებელია განსაკუთრებული სისასტიკე, როგორც ინგლისელებისთვის იუმორის გრძნობა…“

ტერორის მტკივნეული ზიანის ჭრილობებს დღეს ჩვენის მსგავსად კიდევ ბევრნი იშუშებენ.

საწყისში ისედაც ნაკლებად პოპულარული ხელისუფლებისთვის, ზემოაღნიშნული პოლიტიკისა და ძალადობის „სიმართლის“ ხალხამდე მიტანა იყო ყველაზე საჭირო და გადაუდებელი. იდეისა და ტერორის განუყოფლობის სიჯანსაღის ასახსნელად საჭირო  წამლად იქცა პროპაგანდა. ის ერთადერთი ფორმატი, რომლის მეშვეობითაც კომუნისტური ხელისუფლება ელაპარაკებოდა ხალხს, თავისი მოქმედებებისა და აზრების სისრულის, წარსულის, აწმყოსა და მომავლის პერიპეტიებზე.

პროპაგანდა, ეს არის, ინფორმაციის მიწოდების ფორმა, რომელიც გულისხმობს ნებისმიერი საკომუნიკაციო ფორმის გეგმაზომიერ გამოყენებას ადამიანთა გონებაზე, ემოციებსა და ქცევაზე ზემოქმედების მიზნით. აუდიტორიის დასარწმუნებლად პროპაგანდისტებმა შეიძლება განსხვავებული მეთოდები გამოიყენონ, თუმცა ისინი ერთი საერთო ნიშნით ხასიათდებიან – აუდიტორიის ღირებულებების და ღწმენისაკენ არიან მიმართულნი.

საბჭოთა პროპაგანდისტული, შავი ხელი მუშაობდა ყველა მიმართულებით. როგორც შიდა ასევე საგარეო ასპარეზზე. ამ მოძრაობაში ითრევდა ნებით, თუ ძალდატანებით საზოგადო მოღვაწეებსა და პატივსაცემ ადამიანებს და მათი ბაგეებითა, თუ კალმით ქმნიდა სიყალბეს. ამ ფარსში მონაწილეობაზე უარის მთქმელი, დეგრადირდებული და ღონემიხდილი, თვითმკვლელობამდე მისული, ან თავისით მოძებნიდა საკანს მიყრუებულ ოთახკედელში, ან მეუფეთა ხელშეწყობით ჰპოვებდა სამუდამო(ძირითად შემთხვევებში) მოსასვენებელს არქიპელაგის გულაგში. თუმცა არც იმის აღუნიშნაობა შეიძლება რომ რამოდენიმე მათგანი მოწამლული ცრუ სიდიადით გულწრფელად აღფრთოვანებით ეტრფოდატოტალიტარულ რეჟიმს და შეისისხლხორცა საბჭოთა სული.  თავს არ ზოგავდა ნანატრი კომუნიზმის მშენებლობისთვის. კოლეგათაგან განსხვავებით კი, ასეთები აკომპლექტებდნენ მეცნიერთა აკადემიებისა და მწერალთა კავშირების უმაღლეს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებსა და საბჭოებს. ამ გზით შეიქმნა ახალი საბჭოთა ინტელიგენცია (როლითა და გაგებით არცთუისე დაშორებული ცარისთული ინტელიგენციისგან).

კარგი პროპაგანდის საწარმოებლად საჭირო იყო დაგეგმილი კომბინირება ხელისუფლებას, მედია საშუალებებსა და მორჯულებულ საზოგადო მოღვაწეთა შორის.

საბჭოთა პროპაგანდის ნათელი მაგალითია გოლოდომორში განვითარებული მოვლენების (1930-1933) მითიურ-ირონიული თხზულება, რომ სტალინი თურმე ისეთი ჭკვიანი ყოფილა რომ ხორბლის მთელი მარაგი გაჭირვებულ ევროპას ძვირად მიყიდა და შემდეგ უკან იაფად გამოისყიდა !.. ასეთ ირონიულ და სასტიკ სისულელეს, რვა მილიონამდე გაწირული უკრაინელის საპირწონედ მხოლოდ საბჭოთა პროპაგანდისტული მანქანა თუ მოიფიქრებდა.

ერთ დღეს, მართალია დიდი ხნის შემდეგ, მაგრამ მაინც, სნეულებებისაგან დასუსტებული სოციალისტური წყობა დასრულდა. დასრულდა საგარეო და შიდა ძალისხმევით. მსოფლიომ ფარდა ახადა თითქმის ყველა ბოროტებას. ისტორიას ჩაბარდა ყველა მავნებლობა და დაიწყო ახალი ცხოვრება, მათ შორის ჩვენთვისაც. პოსტსაბჭოთა სივრცე მოიცვა ახალი  ცხოვრების არეულობამ, რამაც ასევე ახალ რუსეთს, სსრკ-ს სამართალმემკვიდრეს, მისცა საშუალება ნელ-ნელა მოეკრიბა ძალები და ყოველგვარი სინანულის გარეშე, დაბრუნებულიყო გეოპოლიტიკურ ასპარეზზე.

„ნოვორასია“-ს ხალხთა დაფანტული მასების, ერებისა და ახლადშექმნილი სახელმწიფოების ისევ შემოკრებისთვის ჭირდებოდა ახალი იდეა. ასე დაიწერა ალექსანდრ დუგინის „გეოპოლიტიკის საფუძვლები“ და „მეოთხე პოლიტიკური თეორია“. ამ სქელტანიან, საკმაოდ გონივრულ ანალიტიკურ წიგნებს(„სოვოკური“ სტილით) მივყავართ ახალი რუსეთის მესიანური როლის გარდაუვალ ვალდებულებამდე. ეს ის იდეაა რაც თანამედროვე რუსეთს უდევს საფუძვლად და უფრო დახვეწილი პროპაგაციის მეთოდების გამოყენებით ცდილობს, ყველა მისი პოლიტიკური თამაში დაუქვემდებაროს ამ „ვალდებულებას“.

ახლა უკვე პროპაგანდაში კომბინირებულად მოქმედებენ თითქმის სრულად კონტროლირებადი მედია, ისევ ისე მოსყიდული, თუ გულახდილი საზოგადო მოღვაწეები, იგივე რუსული გაგების, კომუნისტური ფესვების, ინტელიგენცია და კულტურის წარმომადგენლები. განვითარდა წარმატებული და განვითარებული კაპიტალისტური სახელმწიფოებთან კამათის ახალი მეთოდი „ვოთებაუთინგი“. აღსანიშნავია ასევე, სპეციალურად ჩვენს მდგომარეობაში მყოფთათვის, წარმოებული ანტიდასავლური პროპაგანდა, რომელიც ასევე რუსეთის შვილია და წარმატებით გამოიყენება თვალის ასახვევად.

თუმცა, პროპაგანდისტები ახლა უფრო „გულახდილებად“ შეგვიძლია მივიჩნიოთ. მართლაც, რეალობიდან გამომდინარე, ხალხს, რომელსაც ვეღარ შეზღუდავ ისე, რომ არ იცოდეს რახდება გარშემო, ჯობს მიუშვა; ნახოს სამყარო, მაგრამ შინ მოსულს აუხსნა, რა ცუდია სინამდვილეში ეს ყველაფერი. თითქოს სალაფიტიზმსაც წააგავს რუსული მიდგომა; „დიახ, განვითარებულია დასავლეთი, მაგრამ რა არის ეს განვითარება, ან განა კარგია ეს, თუ ცუდი?!“ აქედან მოდის ანტიდასავლური პროპაგანდის წარმოების შედეგად შემოგდებული და უმეცარი ქართველი პატრიოტებისაგან კარგად ათვისებული სიტყვები: „გარყვნილი დასავლეთი!“, „ევროპა ჰომოსექსუალობას დაგვიკანონებს!“, „ტრადიციებს გვართმევენ!“ და ა.შ. ესაა ასევე შედეგი ქვეყნის შიგნით „რბილი ძალის“ მოქმედებისა. რუსეთის მთავრობამ, „რბილი ძალის“ ძაფების მნიშვნელობას მის პოლიტიკაში, ხაზი გაუსვა ეროვნული საგარეო პოლიტიკის დოქტრინის ახალ ვერსიაში და მას ახალი განმარტება მიანიჭა: „საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევის საშუალება საინფორმაციო, კულტურული და ტრადიციული დიპლომატიის ალტერნატიული საშუალებები“.

დღევანდელობა არ გვაძლევს საშუალებას თვალი დავხჭოთ კულტურის, ხელოვნებისა და ეკონომიკის პოლიტიზირებულობაზე. ასეთია დღეს რუსეთი. ასეთია დღეს მისი იდეა, რომელიც კვლავინდებური შოვინიზმისა და იმპერიალიზმის ღრმა მორევშია ჩათრეული და ცდილობს თან ჩაიყოლოს სხვებიც და დარწმუნებითაც ვიტყოდი – სიკვდილამდე არ დათმობს თავის „ჭეშმარიტებას“, რომ ის – აღმატებული, დავალებულია წმინდანთა გამოცხადებების წინაშე და რომ ის სიკეთეა და ებრძვის ბიბლიურ აზაზელს.

ბოლო სცენას, ცნობილი რუსეთის მკვლევარის კარერ დ’ანკოსის სიტყვებით დავასრულებ (ნაშრომიდან „რუსეთის უბედურება“):

„ამ ქვეყნის ისტორიის მკვლევართათვის მისი გამორჩეული ბედუკუღმართობა გამოცანად რჩება. ამ მრავალსაუკუნოვანი ბედკრულობის ღრმა ფესვების შესწავლისას ერთი მანკიერი წრე აღმოვაჩინეთ: ეს გახლავთ ურთიერთკავშირი ხელისუფლების მოპოვებასა და მის შენარჩუნებას და ინდივიდუალური თუ მასიური რეალური თუსიმბოლური პოლიტიკური მკვლელობის გამოყენებას შორის. (…) ეჭვგარეშეა რომ სწორედ ამ ავბედითმა ტრადიციამ ჩამოაყალიბა კოლექტიური ცნობიერება, რომელშიც მშვიდობიან პოლიტიკურ ცხოვრებას ადგილი თითქმის არ რჩება.“

ავტორი თორნიკე გაბლიშვილი

ტექსტი მომზადებულია საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის სასერტიფიკატო კურსის „საბჭოთა წარსულის გაცნობირების“ ფარგლებში

postpoll

noimg

920 Hamilton St. Wausau WI 54403, USA
Email: info@society.ge