noimg IMG_5100 1

ორი რამ წარსულის შესახებ

Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

ავტორი ცოტნე კობერიძე

        ხშირად მიფიქრია რომ საბჭოთა კავშირი ჩემი ქვეყნის არამარტო წარსული, არამედ აწმყოცაა, რადგანაც კვალი, რომელიც კომუნისტურმა წყობამ საქართველოს დაატყო დღესაც  წაუშლელია. საბჭოთა წარსულის გავლენა იგრძნობა თითქმის ყველა სფეროში, რადაგანაც ეს იყო უაღრესად ტოტალიტარული წყობა, რომელიც აკონტროლებდა ყველასა და ყველაფერს. მე გადავწყვიტე ვისაუბრო იმ ორ  სფეროზე და პრობლემაზე რომელიც დღეს ყველაზე მეტად მაწუხებს, ასევე ვთვლი რომ პირდაპირ თუ ირიბად უკავშრდება საბჭოთა კავშირს და კომუნისტურ იდეოლოგიას. ეს ორი უაღრესად პრობლემატური სფეროა: განათლების სისტემა და ქართული მართმადიდებლური ეკლესია.

უკანასკნელ სოციალურ გამოკითხვებს თუ დავეყრდნობით, უდავოა რომ მთელი საზოგადოება შეთანხმებულია იმ ფაქტზე, რომ განათლების სისტემა და მისი დონე გასაუმჯობესებელია. ბევრი ფიქრობს რომ მთავარი პრობლება ფინანსებშია და მოითხოვენ მთავრობისგან უფრო მეტი ფული ჩაიდოს განათლებაში, თუმცა ცოტა თუ აანალიზებს იმას რომ მთავარი ბრობლემა თვითონ სისტემაშია, რომელიც ყველაზე კომუნისტური სისტემაა მათ შორის რაც მე მინახავს. განათლების სისტემა არის დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე რეგულირებული სისტემა, სადაც სახელმწიფო არის ერთადერთი მონოპოლისტი, რომელიც განსაზღვრავს: რა უნდა ვისწავლოთ, როგორ მერხზე უნდა ვიჯდეთ, რამდენი გაკვეთილი უნდა გვქონდეს დღეში და საერთოდ ყველაფერს. ბაზარზე არ არსებობს კონკურენცია, ჩვენ გვაქვს ერთი დიდი სკოლა რომელსაც განათლების სამინისტრო ქვია, ხოლო სხვა სკოლები უბრალოდ მისი ფილიალებია. გარდა იმისა რომ მსგავსად კომუნისტური სისტემისა, სახელმწიფო დღესაც ერევა სკოლების დღის წესრიგში, ასევე თვითონ სწავლების ტიპიც კომუნისტურია. მოსწავლეებს იმას კი არ ასწავლიან თუ როგორ უნდა იაზროვნონ, არამედ პირდაპირ აწვდიან მზა მასალას. მოსწავლეს მოეთხოვება მხოლოდ მოკლე მეხსიერება რათა მოახდინოს ამ მასალი გამოცდამდე მიტანა. გარდა ამისა მსგავსად კომუნისტური განათლების სისტემისა, დღესაც პირველ პლანზეა მკაცრი დისწიპლინა, მოსწავლე ვერ გრძნობს რომ საგაკვეთილო პროცესის შექმნაში ისიც იღებს მონაწილეობას და გარკვეულწილად ისიც კანონმდებელია და მთელი კლასი ერთად ადგენს თამაშის წესებს, პირიქით მსგავსად კომუნისტური სისტემისა ჩვენ სისტემაშიც მასწავლებელი მოგვევლინა როგორც დიქტატორი. მასწავლებლები რომლებიც კომუნისტური სისტემის გამოწრთვნილები არიან, რაც მთავარია და რაც ყველაზე მეტად მაგონებს საბჭოურ სისტემას არის ის რომ ბავშვებს არ აღიქვავენ, როგორც განსხვავებულ ინდივიდებს რომლებსაც შეიძლება ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული მიდგომები სჭირდებათ. სახელმწიფო არ აძლევს სკოლას თავისუფლად მოქმედების საშუალებას, ჩვენ ყოველ წლიურად ვუშვებთ ზუსტად ერთნაირ (პოტენციურად უმუშევარ) ახალგაზრდებს. სკოლა როგორც საბჭოთა კავშირში გადაქცეულია ფაბრიკად, სახელმწიფოს არ ასვენებს ცდუნება რომ სასწავლო დაწესებულებებმა მოსწავლეები სახელმწიფოს მორჩილ არსებებად აღზარდონ, რომლებსაც აქვთ ერთნაირი ენა, გონება, ცოდნა და მიზნები. სახელმწიფოს როლი უნდა შემცირდეს, საჭიროა მივენდოთ თავისუფალ ბაზარს და კონკურენციას რომელიც თვითონვე განწმენდს განათლების სისტემას კომუნისტური იდეოლოგიისგან.

მეოერე ყველაზე დიდი პრობლემა ჩემი აზრით არის მართლმადიდებლური ეკლესია, კერძოდ რელიგიური ფუნდამენტალიზმი რომელიც არამხოლოდ პოსტმოდერნული, არამედ პოსტკომუნისტური ფენომენიცაა. ალბათ გასაკვირია, რა კავშირი უნდა ქონდეს საბჭოთა კავშირს რელიგიასთან, რომელიც ათეიზმს ქადაგებდა, თუმცა ის ფაქტი, რომ დღეს პატრიარქის კულტია სწორედ კომუნისტური იდეოლოგიის ნაყოფია. როგორც ვიცით კომუნიზმი აღიარებდა ერთ ჭეშმარიტებას და ერთ გზას რომლისკენაც უნდა ეარა მთელ საზოგადოებას. არ არსებობდა რაიმე ალტერნატივა. საზოგადოება სრულიად მინდობილი იყო ერთ კონკრეტულ ბელადს. მსგავსმა სისტემამ ადამიანებს ჩამოუყალიბა ანტი პოსტმოდერნული აზრი, რომ არსებობს მხოლოდ ერთი ჭეშმარიტება და ერთი სიმართლე და მას შემდეგ რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი კომუნისტური იდეოლოგია გადაითარგმნა და შეესისხლხორცა რელიგიურ ინსტიტუტს, კერძოდ მართლმადიდებლურ ეკლესიას, სადაც მარქსისა და ლენინის დოქტრინა შეცვალა ბიბლიამ, ხოლო ბელადის სახით მოგვევლინა პატრიარქი.  საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველ ეტაპზე თავი იჩინა ნაციონალიზმა თუმცა შემდგომ ეტაპზე ნაციონალიზმი შეიცვალა რელიგური ნაციონალიზმით, რაც გულისხმობდა რომ ყველა ვინც არ არის მართლამადიდებელი, ის არ არის ქართველი. ეკლესიამ თავი წარმოაჩინა  ქართველბის  ნაციონალურობის მთავარ წყაროდ. კონსტიტუციით სეკულარული სახელმწიფოს ნელ-ნელა დაემსგავსა თეოკრატიულ ქვეყანას, სადაც საზოგადოების საკმაოდ დიდმა ნაწილმა თავი შეაფარა ეკლასიას და რელიგური ნაციონალიზმი გადაიზარდა ფუნდამენტალიზმში, რაც ყველაზე თვალსაჩინოთ აისახა 2013 წლის 17 მაისის მოვლენებში, სადაც აღმოჩნდა რომ სახელმწიიფო უსუსურია იმ ძალაუფლების წინააღმდეგ რასაც ეკლესია ფლობს. რა არის იმის მიზეზი რამაც საზოგადოება ამ მდგომარეობამდე მიიყვანა? ეს არის საბჭოური წარსული, ადამიანები მიეჩვივნენ კომფორმიზს, მათ უნდათ რომ რაიმე ძლიერი ინსტიტუტი აერთიანებდეს, მათ უნდათ რომ ყავდეთ ბელადი, მათ ეშინიათ ინდივიდუალური თავისუფლების, ისინი აღმოჩდნენ გალიის გარეთ, თუმცა ვერ შეძლეს ჯუნგლებში გზის გაკვლევა რადგანაც ის ინტელექტუალური მასა, რომელიც წინ უნდა წაუძღვეს თავისუფლებით დაბნეულ საზოგადოებას, საბჭოთა კავშირმა ძირშივე გაანადგურა და   მოსპო.  კიდე უფრო სავალალოა ის ფაქტი რომ დღევანდელ განათლების სისტემას რომელიც ცდილობს გათავისუფლდეს საბჭოური მემკვიდრეობისგან, უკან ექაჩება მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც საკმაოდ უხეშად ერევა საგანმანათლებლო პროცესის ფორმირებაში

დასასრულს მინდა ვთქვა, რომ ჩემს მიერ განხილულ ორივე პრობლემას ერთი წყარო აქვს, საბჭოთა წარსული. საბჭოთა კავშირი იყო სახელმწიფო, რომელიც თითოეულ ოჯახში და თითოეულ პიროვნების ცხოვრებაში უხეშად ერეოდა. ეს იყო სისტემა, რომელმაც კარგად გამოიყენა ყველა სახემლწიფო ინსტიტუტი, მან იმდენად მძლავრად გაიდგა ყველა სფეროში ფესვი რომ  ოცდახუთი წელიც კი არ აღმოჩნდა საკმარისი  მისგან გასათავისუფლებად, თუმცა  მიუხედავად ყველაფრისა ვთვლი რომ საქართველო შეძლებს თვით რეფლექსიას და სწორი დასკვნების გამოტანას.  იმისათვის რომ ქვეყანა გახდეს მართლაც სეკულარული, საჭიროა განვითარდეს და გაუმჯობესდეს განათლების სისტემა. ხოლო იმისათვის რომ გაუმჯობესდეს განათლების სისტემა, საჭიროა მეტი თავისუფლება. მთავრობებმა უნდა გააანალიზონ, რომ ისინი ვერ მოიფიქრებენ იმაზე უკეთეს იარაღს  საბჭოთა მემკვიდრეობის წინააღმდეგ, რასაც ლიბერალიზმი ქვია. დღეს სქართველოს მთავრობა პირიქით, უფრო და უფრო მემარცხენე პოლიტიკას ატარებს, დაწყებული სოფლის მეურნეობის სუბსიდირებით, დამთავრებული საყოველთაო ჯანდაცვით და სტარტაპებით, რომელიც სამომავლოდ უამრავ ეკონომიკურ პრობლემას შეგვიქმნის და მსგავსი სოციალისტური პოლიტიქით, უფრო და უფრო გავაღვივებთ საბჭოთა სენტიმენტებს. ქვეყანა უნდა ენდოს თავის მოქალაქეებს და უნდა მოხდეს უამრავი სისტემის დერეგულაცია. მხოლოდ თავისუფალ გარემოში გაზრდილ ახალგაზრდებს შეუძლიათ მოაშორონ ქვეყანას ის შავი ლაქა, რაც კომუნისტურმა მართველობამ დაამჩნია.

ტექსტი მომზადებულია საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის სასერტიფიკატო კურსის „საბჭოთა წარსულის გაცნობირების“ ფარგლებში. www.spl.ge

postpoll

noimg

920 Hamilton St. Wausau WI 54403, USA
Email: info@society.ge