noimg 2(1)

რუსის  ჩექმა ქართულ ფეხზე

Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

დღევანდელ პრობლემებს შორის ერთ-ერთი მკაფიოდ გამოხატული და მნიშვნელოვანია საზოგადოების ერთი ნაწილის ლოიალური დამოკიდებულება რუსული ოკუპაციისადმი. რუსეთი, როგორც დამპყრობელი, როგორც მტრული სახელმწიფო შეცვლილია „ერთმორწმუნე“ ქვეყნის ხატით, რომელთანაც „კეთილმეზობლური ურთიერთობების“ აღდგენას ცდილობენ.

  ისტორია ყველამ ვიცით. 1801 წელს ქართულმა სახელმწიფომ დაკარგა სამეფო განმგებლობა, ეკლესიის ავტოკეფალია, სახელმწიფო ენა და დამოუკიდებელი ინსტიტუტები, რის შედეგადაც დამოუკიდებელი ქვეყნიდან რუსეთის გუბერნიად გაფორმდა, სკოლებში, სასამართლოებში და ღვთისმსახურებაზე ქართული ენა რუსულმა ჩანაცვლა.

რუსეთმა კულტურული ექსპანსია დაიწყო. ეს ადვილი საქმე არ იყო. რუსის ტიპი ქართველისგან სრულიად განსხვავებულ კულტურულ ნიშან-თვისებებს ატარებდა. როგორც ქართველი ეროვნულ-დემოკრატი ს. დარიანი წერს, რუსეთისა და საქართველოს კულტურული სახე დიამეტრალურად განსხვავდება. რუსის ბუნება ვერ გუობს  ევროპული ტიპისთვის დამახასიათებელ  ფორმას, მაშინ, როცა ქართველი  ევროპულ  სამოსს მშვენივრად ირგებს ტანზე. გავიხსენოთ, რა ენთუზიაზმით შეუდგა 1918 წელს განთვისუფლებული ქართველი სახელმწიფოს შენებას, როგორი სიჯიუტით ცდილობდა,  რუსული რელსებიდან გადმოსვლას და ევროპული ტიპის ინსტიტუტების შექმნას, რითაც ნათელი გახდა, რომ რუსულ  „რუბაშკაში“ ის თავს ყოველთვის უხერხულად გრძნობდა. აღმოჩნდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მთელი ქვეყანა რუსულ ყაიდაზე გადააწყო, რუსეთმა მაინც ვერ შეძლო მისი კულტურული დაპყრობა ისე, როგორც ამას რომის და ბიზანტიის იმპერიები აღწევდნენ.  თუმცა ვერ ვიტყვით, რომ არ იყო სეგმენტი, სადაც მან თავისი არ გაიტანა . ეს სეგმენტი იყო „ელიტა“. თავადი გრიგოლ ორბელიანი მას შემდეგ რაც 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობისთვის ყური აუწიეს, მალე მოეგო გონს და ყურები თავად დაიჭრა. რუსულ ჩექმაში ფეხი გაყო და ჩინ-მედლების შეგროვებაზე ზრუნვას მიეცა. ციციანოვები და ბარათოვები ერთმანეთს ასწრებდნენ სახელმწიფო სამსახურში ფეხის ჩასადგმელად, რუსული რომანსებიც დაამღერეს და უფალ იმპერატორსაც ჯეროვანი პატივით მოხსენიება აღუთქვეს.

იგივე პოლიტიკა აირჩია შემდგომ, 1921 წლის ბოლშევიკური ანექსიის წყალობით გაელიტებულმა რჩეულმა ნაწილმა. რუსული ჩექმა მათაც ეთბილათ ფეხზე. წყალობაც საბჭოელის კვალობაზე არ იყო მწირი: „პიცუნდის დაჩები“ თუ  პრესტიჟული ბინები, ვოლგები და „პაიოკები“ თუ დიდი თეატრის ბილეთები „ხრუშჩოვკის“ ოროთახიანში მოჭრილ ხელფასზე  უგემურ ცხოვრებას კი ჯობდა. თანაც „დამსახურებულის“ წოდებამ მუდმივი ჭკუაზე დამრიგებლის სტატუსი მიანიჭა და ტრიბუნაც არგუნა,   რაც პატარა ამბავი არ იყო  გათელილი პიროვნულობის პირობებში.

70 წელი რუსული ჩექმის ქვეშყოფნამ და ყოველი მორიგი ბატონის გემოვნების შესაბამისად ფეხქვეშ გაგებამ   ამ „მოხელის“ შინაგანი განწყობა საბოლოოდ ჩამოაყალიბა და ბატონის დაკრულს მიაბა. ჩექმის პრიალი ისე გაუტკბა,  რომ ქვეყანაზე აგერ უკვე მეორეჯერ სრულიად მოულოდნელად თავსმოვლენილი თავისუფლება  ვეღარ იგუა, ვერ შეელია ბატონის ჩექმის გახდას: ფეხზეც შესცივდა და ტრიბუნაც მოენატრა.  ფეხისხმას აყოლა სცადა, მაგრამ როცა „დიადი ბატონი“ თვალსა და ხელს შუა საზიზღარ ოკუპანტად უქციეს,  წარსულთან უხერხულობა შეექმნა. ცალკე თავისუფლების პასუხისმგებლობაც მძიმე ტვირთად დააწვა. ელიტურობა „ ჩასარეცხად გამზადებულის“ უსიამო იარლიყმა შეცვალა. ამიტომ გასაკვირი არცაა, რომ ის დაკარგული ღირსების აღდგენისათვის საბრძოლველად გაემზადა. ხოლო რადგან თავის ღირსებას  ოდესღაც მარჩენალ სახელმწიფოზე მიბმულად მოიაზრებდა,  უნდოდა, არ უნდოდა, მისი ხატისთვის ოკუპანტის შტრიხები უნდა მოეშორებინა და თავდაპირველი,  ერთმორწმუნე  მეგობრის სახის დაბრუნებაზე  ეზრუნა.

rusos statiistvisასე  გამოიზარდა და ჩამოყალიბდა  საქართველოში ის ფენა, რომელიც თავის თავს „ საზოგადოების ნაღებად“ მოიაზრებს. თუმცა საერთაშორისო ენაზე მას ბევრად მარტივი  და რაღცნაირად არაკომფორტული  სიტყვა ჰქვია – კოლაბორაციონისტი. მათ ნაკლებობას არცერთი ქვეყანა არ განიცდიდა განსაცდელის ჟამს, თუმცა მათი ბედი უღლის გადაგდების შემდეგ არც ისე სახარბიელო იყო. მაგ. საფრანგეთში ფაშისტური ოკუპაციის დასრულების შემდგომ კოლაბორაციონისტებს საჯაროდ გადაპარსეს თავები, რათა მთელ ქვეყანას ენახა, რომ მტერთან თანამშრომლობა მინიმუმ მორალურ დამცირებას იმსახურებს.

რა ტიპის კოლაბორაციონიზმთან გვაქვს საქმე  საქართველოში, აუცილებლად ყურადღებამისაქცევი და საფიქრალია, რადგან მეზობელი რუსეთის  ერთადერთ საყრდენად და იარაღად  დღესდღეისობით ისინი დარჩნენ.

ჩვეულებრივ კოლაბორაციონისტი მტრული სახელმწიფოს ან დიქტატორული რეჟიმის  ბატონობის პირობებში ჩნდება. ის ერგება არსებულ რეჟიმს და პირადი კეთილდღეობის ან მინიმუმ უსაფრთხოების შესანარჩუნებლად გარიგებაზე მიდის. ეს ფენა რეჟიმის ხერხემალია. სწორედ მათი წყალობით ცოცხლობს და მოქმედებს რეჟიმი. ისინი მუდამ ემსახურებიან მისი შენარჩუნების საქმეს, უარყოფენ ბრძოლის და წინააღმდეგობის გაწევის აუცილებლობას და შეგუება-მორგების პოლიტიკას ქადაგებენ. თუმცა ჩვენი კოლაბორაციონისტები გამორჩეული ტიპი აღმოჩნდა. ისინი თავისუფალი სახელმწიფოს პირობებში იღწვიან თავისუფალი სივრციდან თავის დასაღწევად. მათი მიჯაჭვულობა ტირანიისადმი იმდენად სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა, რომ ჩვეული თავჩახრილი ლაქიას მაგივრად უკომპრომისო მებრძოლი მივიღეთ, რომელიც თავდაუზოგავად მუშაობს უკვე გადაგდებული უღლის აღსადგენად, რომელსაც „სამართლიანობის და ღირსების“ მყვირალა სახელის მიღმა ფარავს, რომელიც, თუ კარგად ჩავუკვირდებით, არაფერია  საბჭოური „ნათელი დღეების“  ნოსტალგიის გარდა.

მათი რიტორიკა რამდენიმე ძირითად პუნქტს შეიცავს, რომელზეც დააშენეს გულანთებული ქართველის იდეათა კრებული.

  1. ნეიტრალიტეტი, ანუ „არც ევროპა გვინდა და არც რუსეთი“. ამ ნარატივის მთავარი ღერძი გადის ამ ორი არჩევანის თანაბარწონადობაზე, რაც თავისთავად აბსურდულია, რადგან ერთ მხარეს დევს ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესები, რომლის გატარება საქართველოს სახელმწიფოსთვის მთავარი საფრთხეა, ხოლო მეორე მხარეს დევს თავად საქართველოს სახელმწიფოს ინტერესები, რომლის გატარების ხელშეწყობაზე დასავლეთი უნდა დაითანხმოს. ასევე პასუხგაუცემელია მთავარი კითხვა: როგორ უნდა მოახერხოს საქართველოს სახელმწიფომ მცოცავი ოკუპაციის პირობებში ამ ნეიტრალიტეტის დაცვა? რა ბედი ელის ოკუპირებულ ტერიტორიებს? ამ ანკესი ტარი, რომლის წვერზეც ეს ქართველის გულგასახარი ლოზუნგია წამოცმული, „მოძმე ერის“ ბატონს უჭირავს ხელში და ელოდება, როდის ამოსდებს კაუჭს. მას დიდი ხანია ეს მსუყე ლუკმა ხელიდან გააგდებინეს, ამიტომ ცდილობს მოკავშირის, ანუ ზურგის გარეშე დატოვოს ქართული სახელმწიფო და თავად მას ათქმევინოს უარი ძლიერ დამცავ მექანიზმზე.
  2. რუსეთთან დაახლოებისათვის საჭიროა მასთან კულტურულ-ემოციური ბმა. არც ამ მოედანს არაკლებენ ხელს „კულტმუშაკები“. დასტაევსკის გენიალურობით თვალმილულულ ბანოვანს სულ რუსული პოეზია და მეცნიერება აკერია პირზე, გამუდმებით მისტირის საბჭოთა განათლების „ძლიერ სკოლას“ და იდუმალ პუგაჩოვას მონატრებულ სიმღერებს აყოლებს ფეხებს მაგიდის ქვეშ. ასე იძერწება მეორე პუნქტი: „რუსული კულტურა გენიალურია და მასთან კავშირის დაკარგვა რაში გვაწყობს“. ამ გენიალურობას თავისთავად მიება სრულიად არაგენიალური რუსული პაპსა, რომლის ჰანგებითაც აგერ მეოთხე წელია სმენას გვიტკბობენ ტრანსპორტსა თუ რესტორნებში.  ეს ქართულ-რუსული კულტურული შეხმატკბილება   უკვე მოცვეთილი თოკების აღდგენის ცდაა, რომლის გარეშე ჩექმის პატრონს წიხლის დაჭერა გაუჭირდება. რუსულ-ქართული კულტურული ურთიერთობის გაღრმავების მოსურნეთ კი  ერთი კითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა: ამ ორასწლიანი ბატონობის პირობებში რა კეთილისმყოფელი გავლენა მოახდინა რუსულმა კულტურამ ქართულზე და რა აღმასვლას ველოდებით მომავალში?
  3. „ევროპა მაინც არ გვიდგას გვედით“. ეს დასავლეთისკენ ცალი თვალით მოცქერალი ფენისთვის გამზადებული სატყუარაა და მისი იმედგაცრუების გამოწვევას ცდილობს. ამ პუნქტის ნარატივი ძალიან ბანალურ საბჭოურ „მიხედვას“ ემყარება და კრემლის მძლავრი ხელის ნოსტალგიურ სიმებზეა გაწყობილი . ქართველს სძინავს, მხართეძოზე კოტრიალობს და ძლიერი „ის“ უგვარებს ყველა პრობლემას – შიგნით თუ გარეთ. საკმარისია, ევროპულმა ინსტიტუტებმა რაიმე კრიტიკული შენიშვნა გამოთქვან,  რუსულჩექმაამოცმული კოლაბორაციონისტი მყის იფოფრება: უკადრისობს მრავალსაუკუნოვანი კულტურის ერთან ასეთი „ტონით“ საუბარს ( ჩვენ რომ ვეფხისტყაოსანს ვწერდით, ეგენი ხეებზე დაძვრებოდნენო). თუმცა მათ ავიწყდებათ, რომ რუსული კულტურა დასავლეთისაზე ბევრად დაბლა დგას და სიძველითაც ვერ დაიკვეხნის, ასე, რომ ყელყელაობა მათთან უფრო უპრიანია. თუმცა  აქ დგას მეორე და მთავარი საკითხი – ევროპის მხარდაჭერის გარეშე როგორ ვაპირებთ რუსეთთან პრობლემების მოგვარებას? თუ აქ თავად რუსეთის კეთილგანწყობის იმედი გვაქვს,  მაშინ გავიხსენოთ, როგორ „აგვარებს“ რუსეთი პრობლემებს. ეს დღეს მაინც არ უნდა იდგას კითხვის ნიშნის ქვეშ და მათ მსმენელებს ამაზე დაფიქრება მართებთ.
  4. „რუსეთი ერთმორწმუნეა, ევროპული ზნეობა კი მიუღებელი ჩვენი ტრადიციებისათვის“. ამ ნარატივის გამჟღერებელი „ერის ნაღები“ დუმილს ამჯობინებს ერთმორწმუნის საგმირო საქმეების შესახებ დღიდან მათი გამოჩენისა საქართველოს ეკლესიის სარბიელზე. არავინ შეგვახსენებს, რომ რუსულმა სინოდმა საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია გაუუქმა, ეგზარხოსი დაუნიშნა, ქართულ ენაზე ღვთისმსახურება აკრძალა და რუსული საგალობლების ტკბილი ჰანგების ფონზე გაძარცვა უკლებლივ ყველა ეპარქიის საეკლესიო საგანძურები, ოქროდ გადაადნო და მშობლიურ რუსეთში გაიტანა. არც ტაძრების თეთრად გადაღებვას და ქართული ფრესკების იავარყოფას ახსენებს არცერთი მათგანი. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ რუსული სახელმწიფო ზნეობრივი სიწმინდით არ გამოირჩევა ( და არც არასდროს გამოირჩეოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსის ნატაშას ნატვრა დღემდე არ იქნებოდა 37-მანეთიანი ბილეთის ნოსტალგიას მობმული), სრულიად გაუგებარია, კერძოდ რომელ ტრადიციებს უქმნის დასავლეთი საფრთხეს, რომლის შენარჩუნებასაც  შევძლებთ რუსეთის ბატონობის პირობებში.

კოლაბორაციონისტთა   მუშაობის ტაქტიკა, გარდა გაჟღერებული პუნქტებისა, გაუჟღერებელ ნარატივებსაც მოიცავს – რაზეც ისინი მიდმივად დუმან და არასდროს ახსენებენ.  ეს პირველ რიგში გუშინდელი თუ დღევანდელი ოკუპაციაა. ლტოლვილთა ნაკადი, რომელიც ფეხშიშველა გამოექცა რუსულ ხიშტს სოხუმის დაცემის შემდეგ, დღემდე საკუთარ სახლში დაბრუნების ნატვრაშია, 2008 წელს გამორეკილი ქართველების სახლები და ბაღ-ვენახები ვერანდება, ახლად გავლებული საზღვრის ახლოს მცხოვრებ მოსახლეობას ყოველდღიურად ავიწროებენ, რუსის სალდათები მავთულხლართებს უვლებენ შუა ეზოში,დიდი ხანი არ გასულა, რაც დიცის და დვანის მოსახლეობას საკუთარი ხელით დააშლევინეს სახლ-კარი. ამ ყველაფრის საპირწონე მწვანილის გატანა ონიშენკოს შეურაცხმყოფელ განცხადებებად დაუჯდა ქვეყანას, თუმცა პასუხი არავის გაუცია. კარასინმა აგერ გუშინ უკვე თითი დაგვიქნია, ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარიო. თუმცა ნებისმიერი რუსული სილაქი უპასუხოდ რჩება და ჩვენი კოლაბორაციონისტები ამაზე საუბარს ერიდებიან.

უჩვეულოდ მომრავლდა „პატრიოტული“ ნიღაბის ქვეშ მოქმედი რუსოფილური ორგანიზაციები, რომლებიც ჯერ სუსტად, მაგრამ უკვე პერმანენტულად გაჰყვირიან ანტიდასავლურ პროპაგანდას. რადიო მთლიანად რუსულმა ესტრადამ წაიღო, სამთავრობო ტელევიზიებში გამომსხდარი „ერის ნაღები“ კი გამუდმებით საუბრობს კულტურული კავშირების აღდგენის აუცილებლობაზე, რომლის უკნიდანაც  სრულიად არაკულტურული რუსული ჩექმა იმზირება.

მიზეზი ამ პროპაგანდის გალაღებისა არის ის, რომ ჩვენ არ გაგვაჩნია ისტორიული მეხსიერება, რადგან რასაც ჩვენ ისტორიას ვეძახით ( და რაც ასე თუ ისე ვიცით) რეალურად არის მითოლოგია, ანდა რეალური ისტორია მითოლოგიური დატვირთვით, ამიტომ მისი აღქმაცა და ზეგავლენაც ისტორიული მეხსიერების მოქმედების სისტემაში ვერ მოექცევა. ჩვენ მივეჩვიეთ ისტორიის ამგვარ ფუნქციას და რეალური ისტორიაც მითოლოგიის სფეროში გადაგვყავს.
თითქოს ყველამ შვენივრად იცის, რა მოიმოქმედა ჩვენში რუსეთმა დღიდან მისი შემოსვლისა, მაგრამ ამ ისტორიული ფაქტების დღევანდელ რეალობასთან მიმართება უჭირთ, თითქოს ის ისტორია დამოუკიდებლად და განყენებულად არსებობს მე-19, მე-20 და გინდაც 21-საუკუნის დასაწყისში და დღევანდელ ვითარებასთან კავშირი არ აქვს. ეს მეხსიერება ვერ იქცა გამოცდილებად და შესაბამისად თავისი შემეცნებითი ფუნქცია დაკარგა. ანწუხელიძეც ისეთივე მითოლოგიურ პესონაჟად აქციეს, როგორც დავით აღმაშენებლია. არც ერთი სახელი არაფერს ეუბნება მათ, გარდა მითოლოგიური დევგმირით აღფრთოვანებისა. ამიტომ ვფიქრობ, ისტორიის თავიდან დაწერასთან ერთად მისი ფუნქციის შესწავლაც აუცილებელია, რათა ქვეყნის განვითარებისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი საგანი სამუდამოდ არ ჩარჩეს სადღეგრძელოში.

თუკი ისტორიულ მეხსიერებას დავძაბავთ და ისტორიის გაკვეთილების სწორად წაკითხვას ვეცდებით, მაშინ სრულიად აშკარად დავინახავთ  ამ ანკესზე წამოცმულ ეროვნული საკმაზით შენელებული სატყუარას. ის ყარს. ყარს ზუსტად ისე, როგორც ქართველის ფეხზე წამოცმული რუსული ჩექმა.

ავტორი – რუსიკო კობახიძე

 

postpoll

noimg

920 Hamilton St. Wausau WI 54403, USA
Email: info@society.ge